აფხაზეთის განათლების სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა პროსამთავრობო პარტია “ერთიანი აფხაზეთის“ გადაწყვეტილების გამო, რომელმაც საკუთარ ოფისში აფხაზური ენის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.
მეოთხე კლასისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო არააფხაზური სკოლების მოსწავლეებისთვის შეიქმნა. მისი ავტორის, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის და საზოგადოებრივი პალატის წევრის, ადა კვარჩელიას განცხადებით, წიგნი მიზნად ისახავს აფხაზური ენის ერთობლივ შესწავლას.
“სახელმძღვანელოს მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვებს აფხაზური ენა აღიქვან არა მხოლოდ როგორც სასწავლო დისციპლინა, არამედ როგორც ცოცხალი კომუნიკაციის საშუალება“, – განაცხადა კვარჩელიამ.
მისი თქმით, ორენოვანი ფორმატი საშუალებას აძლევს არააფხაზური სკოლების მოსწავლეებს და სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს, უფრო მარტივად დაეუფლონ ენას.
სახელმძღვანელოს წარდგენა აფხაზეთში აფხაზური ენის მდგომარეობაზე მიმდინარე დისკუსიის ფონზე გაიმართა. ბოლო პერიოდში რეგიონში აქტიურად განიხილება საკითხი, თუ რატომ ვერ შეძლო აფხაზურმა ენამ კონსტიტუციით განსაზღვრული განსაკუთრებული სტატუსის სრულად რეალიზება და რატომ რჩება რუსულ ენასთან შედარებით ნაკლებად გამოყენებად სფეროებში.
ექსპერტები ამ პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიისა და შესაბამისი სახელმძღვანელოების დეფიციტს ასახელებენ. სწორედ ამიტომ, ახალი სახელმძღვანელოს გამოჩენას ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის სახით ელოდა. თუმცა, განათლების სამინისტრომ მისი წარდგენის ფორმა არ მოიწონა.
უწყებამ განსაკუთრებით გააკრიტიკა პრეზენტაციის ადგილის არჩევა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში უნდა ტარდებოდეს და არა პოლიტიკური პარტიის ოფისში.
სამინისტროს განცხადებით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი აფხაზეთის სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების რეკომენდაციაზე და მათი გამოყენების საკითხის გადაწყვეტაზე.
უწყებამ სახელმძღვანელოების ავტორებსა და გამომცემლებს არსებული წესების დაცვისკენ მოუწოდა. სამინისტროს განმარტებით, ყველა ახალი სახელმძღვანელო ვალდებულია გაიაროს ექსპერტული შეფასება და საცდელი გამოყენება ექსპერიმენტულ კლასებში. მხოლოდ ამ პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ შეიძლება მასალის სკოლებში დანერგვა და შესაბამისი საბჭოს მიერ დამტკიცება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო