ცხინვალში გენერალურმა პროკურორმა ყოფილ პროკურორს Telegram-ზე პოსტის გამო სცემა
სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა გრიგორი სობაევმა ყოფილ კოლეგას, ცხინვალის ყოფილ პროკურორს, ალან კულუმბეგოვს სცემა. თავდასხმის სავარაუდო მიზეზი გახდა პოსტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ოპოზიციურ ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე.
პოსტის ავტორმა სობაევი დაადანაშაულა „პროკურატურის სისტემის ნგრევაში“ და 800 ლიტრამდე სარეზერვო საწვავის და საპოხი მასალების ყოველთვიურ „გაფლანგვაში“.
გარდა ამისა, პოსტში აღნიშნულია, რომ სობაევის ერთ-ერთ მოადგილეს არ აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო მეორე „ყოველ დათრობაზე აწყობს სტრიპტიზის შოუებს საჯარო დაწესებულებებში“.
ჩვენი წყაროების თანახმად, “სობაევთან დაახლოებულმა ხელქვეითმა” პროკურორს უთხრა, რომ ეს იყო კულუმბეგოვი, რომელმაც, სავარაუდოდ, “გაჟონა” მთელი ეს მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია Telegram-ის არხზე. სწორედ ამიტომ, სობაევმა გადაწყვიტა შურისძიება.
თვითმხილველების თქმით, 7 სექტემბერს სობაევმა დაურეკა კულუმბეგოვს და შეხვედრა სთხოვა. როდესაც კულუმბეგოვი გამოჩნდა, გენერალურმა პროკურორმა მას რამდენჯერმე დაარტყა.
ინციდენტს ქუჩაში ქორწილის უამრავი სტუმარი შეესწრო.
სობაევმა გაჩხრიკა კულუმბეგოვის ტელეფონი, მაგრამ მან ვერ იპოვა კულუმბეგოვის მონაწილეობის რაიმე მტკიცებულება და თავადვე უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. ამით დასრულდა საქმე.
- 20 წლის შემდეგ: ცხინვალში სამი ადამიანი დაუსწრებლად გაასამართლეს „ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის“
- თამაზ გინტურის მკვლელობა: რა მოხდა კირბალში და რა ვერსია აქვს ცხინვალს
ნაცემმა ალან კულუმბეგოვმა გადაწყვიტა გენპროკურორს არ უჩივლოს, რადგან მიაჩნია, რომ ეს უსარგებლო და სახიფათოა.
JAMnews-მა გაარკვია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის თანაშემწე და პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა არცერთ მათგანს რეაგირება არ მოუხდენია.
გრიგორი სობაევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურორად ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დანიშნა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაჰპირდა მოსახლეობას წესრიგის აღდგენას და დანაშაულთან ბრძოლას.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო