ბრძოლა პენსიონერებისთვის
ბაბილინა ხუნდაძე წელს 80-ის გახდა. გურიაში, სოფელ ქვემოხეთში ცხოვრობს.
ყველაზე მეტად თავისი მახსოვრობით ამაყობს – სტალინის გარდაცვალებით გამოწვეული საყოველთაო გლოვაც კარგად ახსოვს, “პერესტროიკაც”, ბნელი 90-იანი წლები, სააკაშვილის მმართველობაც და ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დეტალებსაც ზედმიწევნით ზუსტად მოგიყვებათ.
მათ შორის, ის დაპირებებიც, რომლებსაც პოლიტიკოსები არჩევნებიდან არჩევნებამდე გასცემენ ხოლმე.
წლევანდელ საარჩევნო კამპანიასაც ინტერესით ადევნებს თვალს. ყოველ საღამოს, როცა სახლის საქმეებს მოილევს, მეზობელთან – თავისი ასაკის თინასთან გადადის. ტელევიზორს რთავენ, ახალ ამბებს უყურებენ და თან პოლიტიკოსებზე ჭორაობენ.
“წელს მგონი, ავშენდით, თინა, – ამბობს ბაბილინა, – ვერ ხედავ, ერთმანეთს ასწრებენ, არიქა, ვინ უფრო მეტ პენსიას დაგვირიგებს.”
“მაგათ ალბათ, ჰგონიათ, პენსიონერები რომ ვართ, ხვალ აღარ გვემახსოვრება არაფერი,” – პასუხობს თინა და ორივე იციანის.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერსაა. პარტიებმა უკვე განათავსეს ტელევიზიებში სარეკლამო კლიპები, სადაც მთავარ წინასაარჩევნო გზავნილებს მოუყარეს თავი.
სიტყვები “პენსია” და “პენსიონერი” ყველა სარეკლამო რგოლში მოხვდა. თითქმის ყველა პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ პენსიების მომატებაა.
დღეს საქართველოში პენსია 180 ლარია (76 დოლარი). ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართველ პენსიონერებს 20 ლარით გაეზარდათ პენსია, თუმცა, თუ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებს გავითვალისწინებთ, ეს თანხა თითქმის არავითარი შეღავათი არ არის.
თუ 180 ლარს 30 კალენდარულ დღეზე გავყოფთ, გამოდის, რომ პენსიონერმა დღეში 6 ლარი უნდა იმყოფინოს. ამას გამოაკელით გადასახადებისა და მედიკამენტების ყოველთვიური ხარჯიც, რაც ჯამში, საშუალოდ, 70-80 ლარია.
ყველაზე მაღალ პენსიას პენსიონერებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი ჰპირდება. “თავისუფალი დემოკრატები”, გამარჯვების შემთხვევაში, პენსიის 300 ლარამდე გაზრდას გეგმავენ. ალასანია ამბობს, რომ, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მომავალ 4 წელიწადში ეკონომიკა 7-8 %-ით გაიზრდება, რაც ბიუჯეტის 4 მილიარდიან ზრდას ნიშნავს, აქედან მილიარდ ნახევარი სწორედ პენსიების, საარსებო მინიმუმის და მინიმალური ხელფასის მატებას მოხმარდება.
ტრადიციულად, უხვი დაპირებებით გამოირჩევიან ქართველი ლეიბორისტებიც. მათი ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საპენსიო ასაკს დაწევენ ქალებისთვის 55 წლამდე, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წლამდე, ყველა მიიღებს პენსიას სტაჟის და გამოცდილების მიხედვით, ასევე ყველა მიიღებს მეცამეტე პენსიას საკუთარ დაბადების დღეზე. ხოლო 80-ის წლის ზევით მყოფი პენსიონერები ყოველ ერთ წელზე დამატებით 100 ლარს მიიღებენ.
დაპირებებს არ ერიდება ქართველი საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც წელს პოლიტიკური პარტია დააარსა და პარლამენტში მოხვედრას აპირებს. ბურჭულაძის გეგმით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე პენსიების 250 ლარამდე გაზრდა სავსებით რეალურია.
დაპირებების გაცემისას უფრო თავშეკავებულები არიან წლევანდელი საარჩევნო ბრძოლის მთავარი სუბიექტები – ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და თავად მმართველი ძალა “ქართული ოცნება”.
“ნაციონალები” პენსიონერებს პენსიების 50 ლარით გაზრდას უკვე 2016 წლის ნოემბერში ჰპირდებიან და ამის მიღწევას ბიუროკრატიული ხარჯების 1 მილიარდი ლარით შემცირების გზით აპირებენ. ამასთანავე, ისინი ამბობენ, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 2017 წლიდან პენსიებს პერმანენტულად გაზრდიან ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ. ოთხი წლის წინათ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მმართველი ძალა იყო – პენსია 125 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, მათ წინასაარჩევნო პროგრამაში პენსიების კონკრეტული თანხით ზრდა საერთო არ არის გათვალისწინებული. მმართველი გუნდი ამომრჩევლებს 2017 წლიდან კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს. საუბარია ე.წ. დაგროვებითი პენსიის მოდელზე, რომელშიც დასაქმებულები და დამსაქმებლები უნდა ჩაერთონ და ყოველთვიურად საპენსიო ფონდში გარკვეული თანხა გადარიცხონ. მსოფლიოში დაგროვებითი პენსიის არაერთი მოდელი არსებობს და განვითარებულ ქვეყნებში სწორედ მას უმადლიან ე.წ. “უზრუნველ სიბერეს”. თუმცა, თუ საქართველოში ამ მოდელზე გადასვლა 2017 წლიდან მართლაც განხორციელდა, მისი სიკეთეებით, მაგალითად, ბაბილინა და თინა ვერ ისარგებლებენ. ეს მოდელი მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან და დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ უწევთ პენსიაში გასვლა.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია მხოლოდ “რეალისტურ დაპირებებს” გასცემს.
“ქართული ოცნება”, რომელსაც უკვე ხელისუფლებაში ყოფნის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს, ამ არჩევნებზე აშკარად უფრო ფრთხილია 2012 წელთან შედარებით.
მაშინ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები მოსახლეობას, კომუნალური გადასახადების განახევრებასთან და უპროცენტო კრედიტებთან ერთად, 220-ლარიან პენსიასაც ჰპირდებოდნენ. სოციალურ ქსელებში დღემდე პოპულარულია 2012 წელს გადაღებული ვიდეოები, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არარეალისტურ და პოპულისტურ დაპირებებს გასცემდნენ:
ირაკლი ალასანია: პენსია 220 ლარი იქნება
ბიძინა ივანიშვილი: გაზის საფასური შემცირდება სამჯერ
პენსიონერებზე ფოკუსირება საკმაოდ მოგებიანი წინასაარჩევნო გათვლაა. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში 531073 პენსიონერი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 14, 3 პროცენტს შეადგენს. ცხადია, ყოველი მათგანი საარჩევნო ხმით სარგებლობს.
გარდა ამისა, პენსიონერები საქართველოში სოციალურად ყველაზე გაჭირვებული და მოწყვლადი ფენაა, რითიც ყოველ არჩევნებზე ოსტატურად სარგებლობენ პოლიტიკოსები.
რამდენად რელისტურია ის დაპირებები, რომელსაც პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ გასცემენ? მათი ციფრები რეალურ გაანგარიშებებს ემყარება, თუ ეს წინასაარჩევნო პოპულიზმია?
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ვინც ამომრჩეველს პენსიის 50 ლარზე მეტით მომატებას ჰპირდება, წარმოდგენაც კი არა აქვს, საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული.
“პენსიის ზრდა რაღაცამ უნდა დააბალანსოს – ან სხვა ხარჯები უნდა შემცირდეს ან ვალი უნდა აიღოს მთავრობამ. პენსიის 50 ლარით ზრდისთვის საჭიროა დამატებითი 430 მილიონი ლარი, რაც მაგალითად, ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცის ხარჯზე მიღწევადია, ამის რესურსი ბიუჯეტს აქვს. თუმცა, ამაზე მეტით პენსიის ზრდა ზღაპარია.”
ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, პენსიის ზრდა შეიძლება, მაგრამ მთავარია, რის ხარჯზე მოხდება ეს. ცომაიას მთავარ პრობლემად არსებული საპენსიო სისტემა მიაჩნია.
“ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას იმ ვალდებულებაზე, რომ ადამიანები უზრუნველყოს პენსიით. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან პენსია და სოციალური დახმარება. ის, რის გაზრდასაც დღეს პოლიტიკოსები ჰპირდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში არის საოციალური დახმარება და არა პენსია.
ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. სხვანაირად გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს გაუჭირდება, საზოგადოება უზრუნველყოს ნორმალური პენსიით. მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა უფრო კოსმეტიკურია და არა ძირეული. ის საშემოსავლო გადასახდის ტვირთს კიდევ უფრო ზრდის. არადა, პირიქით უნდა მოხდეს – საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, რამდენს, როგორ და სად დაზოგავენ,” – ამბობს აკაკი ცომაია.
უხვი დაპირებების მიუხედავად, თავად პენსიონერები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, მოახლოებულ არჩევნებს დიდ იმედებსა და მოლოდინებს არ უკავშირებენ.
“არც კი ვიცი, ვინ რას გვპირდება. მარტო საკუთარი თავის იმედი მაქვს, ამიტომ ვდგავარ აქ,” – ამბობს თბილისელი პენსიონერი გრიშა მაისურაძე, რომელიც წლებია, ქუჩაში ხილ-ბოსტნეულს ყიდის და ამ გზით ინახავს ოჯახს.
“დილით 9-ზე საქონელი უკვე დახლზე მაქვს გაშლილი, საღამოს ათამდე ყოველ დღე აქ ვზივარ. სიბერე ქვია ამას? ასე ვიქნები შემდეგი ოთხი წელი და იმის შემდეგიც, თუ არ მოვკვდი და ძალა შემრჩა.”
გამოქვეყნებულია: 13. 09. 2016