ბოლნისის სასწრაფო დახმარების ცენტრი დაიკეტა
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
17 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 76 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით დაინფიცირების 4 შემთხვევა გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. covid-19 დაუდგინდათ ბოლნისის რაიონის სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმების ოჯახის წევრებს.
ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ამ დროისთვის დახურულია. ადგილობრივებს სამედიცინო დახმარებას მეზობელი მუნიციპალიტეტების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები უწევენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო დაიკეტა დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი. მანამდე კარანტინი გამოცხადდა სოფელ სავანეთშიც.
covid-19 დაუდგინდა საპატრიარქოს საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმსაც.
- კორონავირუსი უკვე ეკლესიაშია. რას აპირებს საპატრიარქო სააღდგომოდ?
- თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი იკეტება
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- ყავის სმა კარანტინისას შინ და გარეთ – აფხაზეთი კორონავირუსის დღეებში
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა. 15 აპრილიდან 10 დღით თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტა, 17 აპრილიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანების გადაადგილება აიკრძალა.