ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკი უჩივის
როგორც გამოცემა Bloomberg წერს. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარტია “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, შვეიცარიული ბანკი Credit Suisse უჩივის.
გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილმა და მისმა მრჩეველმა შვეიცარიის საბანკო რეგულატორის 2017 წლის ანგარიში გაასაჯაროვეს. ანგარიში თაღლითობისთვის ნასამართლევი ყოფილი ბანკირის, პატრის ლესკადრონის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
მხარეების მოსმენა ლონდონში ხუთშაბათს გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ დოკუმენტი ვებსაიტიდან csvictims.com-იდან მანამდე აიღონ, სანამ სასამართლო სხდომები მიმდინარეობს.
ბლუმბერგისვე ცნობით, ამ ვებსაიტის უკან საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა Metigen დგას, რომელმაც ეს დოკუმენტი თებერვალში გამოაქვეყნა. მანამდე Credit Suisse-ს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დოკუმენტის კონფიდენციალურად შენახვის უფლება ჰქონდა.
Bloomberg წერს, რომ პატრის ლესკადრონის თაღლითური სქემის მსხვერპლი არაერთი ინვესტორი გახდა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი. თუმცა, Metigen-ის დირექტორის, ჩარლი ვიგანის განცხადებით, “აღმაშფოთებელია, რომ ერთადერთები, რომლებსაც Credit Suisse-ის დოკუმენტის გამოყენებაში ხელს უშლის, თავად დანაშაულის მსხვერპლები არიან”.
პატრის ლესკადრონის საქმე – რომელმაც სიცოცხლე 2020 წელს თვითმკვლელობით დაასრულა – 2015 წელს გახმაურდა. მედიის ინფორმაციით, ბანკირმა აღიარა, რომ აყალბებდა ხელმოწერებს, სავაჭრო ტრანზაქციებს და ცდილობდა, 2008 წელს მიყენებული ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად დრო მოეგო. Credit Suisse ამტკიცებდა, რომ ბანკირი მარტო მოქმედებდა.
_________________________________
● მორიგი პოლიტიკური სკანდალი საქართველოში: ფარული ჩანაწერი ივანიშვილის შვილის და პრემიერის მონაწილეობით
• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
● ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? რეპორტაჟი
● რა თქვა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში
● საფრანგეთმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა
___________________________________
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს გამოჩნდა – შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაარქვა, შემოიკრიბა მთელი იმდროინდელი ოპოზიციური სპექტრი და დაუპირისპირდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ მოიგო და „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა. 2012 წლის ნოემბერში ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.
13 თვის შემდეგ – რაც მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო – ივანიშვილმა თქვა, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა და საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერის თანამდებობა.
ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში ინაცვლებდა. მისი გადადგომის შემდეგ ქვეყანამ ოთხი პრემიერი გამოიცვალა.
2018 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა საჯარო პოლიტიკურ სივრცეში და მმართველი გუნდის – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდა.
2021 წლის 11 თებერვალს, მოგებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ [რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა] ივანიშვილი პოლიტიკიდან მეორედ წავიდა – როგორც თავად ამბობს, ახლა უკვე საბოლოოდ.
პოლიტიკიდან წასვლის მთავარი მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ “მის მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი მიღწეულია”.
ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველია. მის ქონებას „ფორბსი“ 4.8 მილიარდი დოლარად აფასებს.
