ზუგდიდში ბადრი ესებუა დააკავეს. მას ორი წელი და ოთხი თვე ეძებდნენ
ბადრი ესებუა, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ორი წელი და ოთხი თვე ეძებდნენ ბანკის ძარცვის გამო, დაკავებულია.
ესებუა ზუგდიდში გამთენიას აიყვანეს. ის სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა.
ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან სამ მძევალთან ერთად გამოვიდა და მოთხოვნილი თანხით გაუჩინარება მოახერხა.
● “გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას” – ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის მამა შვილს მიმართავს
● დააკავეს ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ძმა. ოჯახი აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია
● ქუთაისი: მძევლები თავისუფლები არიან. ბანკზე თავდამსხმელი აყვანილია
როგორც შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზუგდიდში, ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული.
ესებუას ბრალად ედება ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად აყვანა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.