აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიმართ, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ევროკავშირისა და საფრანგეთის შუამავლობით პრაღაში გაიმართა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ორრაუნდიანი შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიაში პირველად აზერბაიჯანმა და სომხეთმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა.
დოკუმენტში ნათქვამია:
- აზერბაიჯანმა და სომხეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიმართ, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
- ბაქომ და ერევანმა დაადასტურეს, რომ ეს გახდება საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის საფუძველი, და სასაზღვრო კომისიების შემდეგი სხდომა ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელში გაიმართება.
- სომხეთი დათანხმდა დაეხმაროს ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან.
- აზერბაიჯანული მხარე დათანხმდა ითანამშრომლოს ამ მისიასთან ზუსტად იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს აზერბაიჯანს ეხება.
- ევროკავშირის მისია ოქტომბერში დაიწყება და მაქსიმუმ ორი თვე გაგრძელდება. ამ მისიის მიზანი ნდობის აშენება და მისი ანგარიშებით სასაზღვრო კომისიებში წვლილის შეტანაა.
ალიევის ფაშინიანთან შეხვედრის პირველი ნაწილის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელეარხებს, სადაც გაიმეორა თეზისი, რომ მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის იმ ნაწილის მომავალი, სადაც სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, ამ ქვეყნების შიდა საქმეა.
„ჩვენ არ განვიხილავთ არც ერთ საერთაშორისო აქტორთან, თუ როგორ მოვაწყობთ მათ ცხოვრებას ჩვენს ტერიტორიაზე.“ – განაცხადა ალიევმა ყარაბაღის სომეხ მოსახლეობაზე.
პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის სომხეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის და ასევე, ყველა სახელმწიფოთაშორისი კომუნიკაციის გახსნისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.