აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა ელმარ მამედიაროვი, და იმავდროულად, ამ თანამდებობაზე, ჯეიუჰუნ ბაირამოვი დანიშნა, რომელიც აქამდე განათლების მინისტრი იყო.
ადგილობრივი ჟურნალისტები და ექსპერტები მოვლენების ასეთ განვითარებას მოულოდნელს უწოდებენ.
„როგორ განახორციელებს საგარეო პოლიტიკას ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია დიპლომატიურ სამსახურში?“, – კითხულობს საინფორმაციო სააგენტო „თურანი“.
გუშინ, 15 ივლისის საღამოს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკაცრად გააკრიტიკა საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, რომელიც თავად სხდომაში არ მონაწილეობდა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ 12 ივლისს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ყველა სამსახურში იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა.
„12 რიცხვის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ყველა სამსახურში ვიყავით… რით იყო დაკავებული საგარეო საქმეთა სამინისტრო? სად იყო მინისტრი?“, – იკითხა პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საპასუხოდ თქვა, რომ ელმარ მამედიაროვი სახლიდან მუშაობდა: „ბატონო პრეზიდენტო, მე მას ვკითხე და მან მიპასუხა, რომ სახლიდან მუშაობს“.
ელმარ მამედიაროვს ამ საკითხზე ჟურნალისტმა დაურეკა, რომელმაც ტელეფონზე შემდეგი პასუხი გასცა: „ალაჰის გულისთვის, შეჩერდით. სხვა თემები არ არის, რომ მკითხოთ? ეს რა შეკითხვებია? ამ დროს ადამიანს კითხვებს უსვამენ? ხვალ, ლეილა აბდულაევას დაურეკეთ და ის გიპასუხებთ“.
ელმარ მამედიაროვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2004 წლიდან იკავებდა.
3 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, კორუფციის ფაქტზე დააკავეს სამინისტროს სამი თანამშრომელი:
საგარეო საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ფარხად მოლაზადე, სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელი სალიმ ალიზადე და საკონსულო სამმართველოს საკონსულო-სამართლებრივი განყოფილების უფროსი, ნარუფაშა აბდულაევი.