კომენტარი ბაქოდან: რა ვქნათ, პუტინს ვებრძოლოთ?
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი განცხადების პირობების თანახმად, რუსი სამშვიდობო ძალები ამ რეგიონის ზოგიერთ რაიონში შევიდნენ. მოვლენების ასეთი განვითარებას აზერბაიჯანში არაერთმნიშვნელოვნად შეხვდნენ.
პოლიტიკოსები, ექსპერტები და სოციალური ქსელების უბრალო მომხმარებლები მომხდარის კომენტირებას არ წყვეტენ.
ცნობილმა აზერბაიჯანელმა ბლოგერმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, ალთაი გეიუშოვმა ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების შეყვანასთან დაკავშირებით თავის Facebook-ის გვერდზე კომენტარი გააკეთა:
„ომი გინდოდეს, და ახლა რუსეთის არმიის შეყვანის გამო წუხდე – ეს სიჩლუნგეა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უსინდისობა. მივმართავ ასეთ ადამიანებს.
თქვენთვის ახალი ამბავი იყო, რომ რუსეთი სომხეთის მოკავშირეა, ხოლო ეს მიწები რუსეთის უშუალო მონაწილეობით იყო ოკუპირებული? არ იცოდით ამის შესახებ? რა თქმა უნდა, იცოდით.
სწორედ რუსეთის ჩარევის მაღალი ალბათობა განაპირობებდა იმას, რომ აქამდე ომი არ ყოფილა. და ამის შესახებ არ იცოდით? ცხადია, იცოდით. ეს ხომ არც ისე დიდი ხნის წინ იყო, დამახასიათებელ მეხსიერების დაბნელებას ხელი რომ შეეშალა თქვენთვის ამის გახსენებაში. შევესწარით 2016-ში.
არ იცოდით, რომ პუტინს, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს არანაირი საერთაშორისო ნორმა, სურვილის შემთხვევაში შეუძლია სამხედრო შეჭრას მიმართოს? ისიც კი არ იცოდით, რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო ძლიერება? ამ ყველაფრის მიუხედავად, ომი გინდოდათ. ამიტომაც წინასწარ ცნობილ შედეგებზე ჭმუნვა ან სიჩლუნგის, ან ფარისევლობის დემონსტრირებაა.
შედეგი კი მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა. რუსეთი მაშინვე არ შემოიჭრა. ეს არ გააკეთა თურქეთის ღია მხარდაჭერის გამო. დავუშვათ, ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანისთვის შუშის დაბრუნებას.
ახლა იმავე თურქეთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმყოფება დარეგულირების შუაგულში, მაგრამ ჩლუნგების თუ ოპორტუნისტების ჯგუფი გამოდის და – რუსეთი რატომ შევიდაო
რა ვქნათ? რუსეთს, პუტინს ვებრძოლოთ? სინამდვილეში, თქვენ იმდენად უკუაგდეთ ტვინი, რომ ამაზე წამსვლელებიც კი ხართ.
ომი გინდოდათ, და შედეგზეც თავად ხართ პასუხისმგებლები. რეალურად, სამხედრო შედეგი მრავალგზის სჯობს მოსალოდნელს. თუმცა ჯერაც არ ვიცით ბოლომდე, როგორი იქნება პოლიტიკური შედეგები. რეგიონი აქტიური გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ცენტრად ყალიბდება. მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი იმათ სინდისზე იქნება, ვისაც ომი უნდოდა“.