31 მარტიდან, საქართველოში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის გამო, პირადი ავტომანქანით 3-ზე მეტი ადამაინის გადაყვანა აიკრძალა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 2 მგზავრი აუცილებლად უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს. ის, ვინც წესს დაარღვევს, 3000 ლარით დაჯარიმდება. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ აკრძალვა ოჯახებსაც ეხება და შეზღუდვა მცირეწლოვან ბავშვებზეც ვრცელდება. ამ აკრძალვის გამო ბევრი ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 110 პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ ამ აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის ცხელ ხაზზე ბევრი შეტყობინება შევიდა. მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უსიამოვნო პროცესთან არის დაკავშირებული, მაგრამ მოქალაქეები ამას გაგებით უნდა მოეკიდონ და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს და შვილების გადაყვანის წესიც განუმარტა:
“მაგალითად, ოჯახში გვყავს 3- 4 შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავაადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს,” – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
პირადი ავტომანქანით 3-ზე მეტი ადამიანის გადაყვანის აკრძალვას დღეს სოციალურ ქსელში – facebook – ფართო განხილვა მოჰყვა. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის გაუგებარია, რატომ ვრცელდება ეს აკრძალვა ოჯახზე, რომლის წევრებიც ერთად ცხოვრობენ, ან როგორ იმგზავრონ 2 და მეტ მცირეწლოვან შვილთან ერთად ისე, რომ წესები არ დაარღვიონ.
ანა კვანჭილაშვილი, რომელსაც ტყუპი ბავშვები ჰყავს, წერს, რომ გამოსავალი ვერ იპოვა:
გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ოჯახებიც, რომლებიც საქართველოში საყოველთაო კარანტინის შემოღებამდე მანქანით, ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ იყვნენ გასულები:
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 31 მარტიდან 21 აპრილამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა – 21: 00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იკრძალება როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.
აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათგან ორი კი უკანა სავარძელზე იჯდება.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა. კორონავირუსის შიდაგავრცელების მაღალი რისკის გამო 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.