საქართველოში ითხოვენ კანონს, რომლის მიხედვით გიდობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ
გიდობის უფლება
“ტურიზმის შესახებ კანონის” მიმართ, რომლის პროექტი ბიზნესს გასული კვირის ბოლოს წარუდგინეს, კერძო სექტორმა გარკვეული შენიშვნები გამოხატა. მათი თქმით, ბიზნესს სურს, კანონპროექტში ჩაიწეროს პუნქტი, რომლის მიხედვითაც გიდობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის მოწმობის მქონე პირს ექნება.
როგორც როგორც გიდების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ივანიძემ “ბიზნეს ფორმულას” ეთერში განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაცია ასოციაციამ პროექტის ავტორს მანამდეც გაუგზავნა,, თუმცა ის კანონპროექტში ასახული არ არის.
“გიდი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლება უნდა ჰქონდეს. ამას ემატება ენობრივი კომპეტენციის დონეც – გიდმა უნდა იცოდეს ქართული. აქ ეროვნულ ღირებულებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, ფინანსების პრობლემებიცაა. ეს არის წართმეული შემოსავალი ქართველი გიდებისთვის, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მოთხოვნას პასუხობს უცხოელი გიდი”, – განაცხადა ირინა ივანიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტში არ არის ასევე მკაფიოდ გაწერილი, როგორ შემოწმდება გიდობის მსურველის კვალიფიკაცია და რის მიხედვით გაიცემა მათზე სერტიფიკატი:
“ჩვენი რეკომენდაციაა, გამოვიყენოთ უკვე არსებული რესურსები, გიდების ასოციაციები, სკოლები, ტრენინგ ცენტრები, რომლებიც აწვდიან კვალიფიციურ ცოდნას დაინტერესებულ პირებს. კვალიფიკაცია კი გამოცდებით უნდა დადასტურდეს.”
● როგორ აქცია 22 წლის აბრამი თუშეთის სიყვარულმა სოციალურ მეწარმედ
● ქართული ღვინო: რა დგას წარმატების უკან
● “1999 წელი იყო, პირველად რომ ჩამოვედი” – რას ფიქრობენ საქართველოზე უცხოელები, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ
“ტურიზმის შესახებ კანონპროექტის” მიხედვით, გიდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები დარეგულირდება და მათი ნებაყოფლობითი სერტიფიცირება დაიწყება.
კანონპროექტის ავტორების თქმით, გიდობის უფლება იმ პირს ექნება, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია და არ არის ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
ამასთან, შემოდის ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. სამკერდე მოწმობის მფლობელი გიდი სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისთვის დაწესებული გადასახდელებისგან გათავისუფლდება. აღნიშნულ ადგილებში საქმიანობის უფლება კი მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მფლობელს ექნება.
კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორებს ზედამხედველობას კონკურენციის სააგენტო გაუწევს, რასაც თავად სააგენტო არ ეთანხმება.
ტურიზმის შესახებ პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა ინიცირდეს, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტი პარლამენტში გაზაფხულზე დარეგისტრირდეს.