“ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე პროტესტში ჩარევაში დაადანაშაულა.
მდინარაძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს შტატებში ახლად არჩეული ხელისუფლების “ქვედა რგოლი” უწოდა და თქვა, რომ “საელჩოს მოქმედება აცდენილია” [ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებებს].
“ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში. თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარ კამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს… […]
სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება.” – თქვა მდინარაძემ.
ამასთან, მისვე განმარტებით, გარე ძალების გავლენებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული იყო სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.
3 ცნობილი გახდა, რომ თებერვალს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, დახურულ სივრცეებში აქციებს კი კრძალავს. შესაბამისი განცხადება ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.