ასექსუალობა - ორიენტაცია, რომლის შესახებ ლაპარაკი არც კავკასიაშია მიღებული და არც მსოფლიოში
„ჯერ კიდევ სკოლის წლებში, როდესაც ყველ თანაკლასელს ჰორმონები უდუღდა, ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი: ნეტავ მე როდის ვიგრძნობ რაიმეს? ეს ყველაფერი მე რატომ არ მაინტერესებს-მეთქი?“ – ჰყვება შაჰზადა.
ის ბაქოში ცხოვრობს, ოცი წლისაა და გრაფიკოსი დიზაინერია. ვიდრე ასექსუალური ორიენტაციის მეგობრებს გაიჩენდა, შაჰზადას თავი ავადმყოფი ეგონა და ექიმსაც კი მიმართა.
საზოგადოება სექსუალური უმცირესობების შესახებ საუბრისას, მხოლოდ „ჰეტერო-ჰომო“ და მათ შორის შუალედურ ვარიაციებზე ლაპარაკობს. არადა, მსოფლიოში კიდევ ერთი დიდი ჯგუფი ცხოვრობს – ასექსუალები.
როგორ უნდა გადარჩნენ სექსუალური უმცირესობები ევროპის ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყანაში?
„ჩვენით არავინ ინტერესდება“. კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ისტორია აზერბაიჯანიდან
კორონავირუსის დამალვა თუ იგნორირება? ერთიც და მეორეც! ისტორია ბაქოდან
ისინი სხვებზე არანაკლებ იტანჯებიან სოციუმის ზეწოლისგან, სადაც ყველაფერი სექსის გარშემო ტრიალებს. მათზე არცთუ იშვიათად ძალადობენ ამ მოსაზრებით: „სინჯე, მოგეწონება“.
„ასექსუალობის“ ცნება შესწავლის საგნად დაახლოებით 1994 წელს იქცა. მაშინ ბრიტანეთში შიდსის გავრცელების საშიშ ტემპთან დაკავშირებით მასშტაბურ კვლევას ატარებდნენ. ფაქტობრივად გვერდით ინფორმაციად იქცა შემდეგი ციფრი – გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა თქვა, რომ არასდროს არც ერთი სქესის მიმართ არ განუცდიათ სექსუალური ლტოლვა.
იმ დროიდან ეს ერთი პროცენტი რჩება იმ ადამიანების რაოდენობის დაახლოებით განმსაზღვრელად, რომელსაც შეიძლება ასექსუალები ვუწოდოთ – რაც თეორიულად შეიძლება შთამბეჭდავ რიცხვს ნიშნავდეს – პლანეტაზე მცხოვრებ 60 მილიონ ასექსუალს. სწორედ ამ მონაცემს ეყრდნობა ასექსუალთა საერთაშორისო საზოგადოება, სახელადAsexualVisibilityandEducationNetwork, ანუ AVEN.
შაჰზადა მამაკაცებსაც ხვდებოდა და ქალებსაც, და ფიქრობდა, რომ თუკი საპირისპირო სქესის მიმართ არ განიცდიდა ლტოლვას, შესაძლოა, ეს ლტოლვა თავისივე სქესის წარმომადგენლებისადმი გასჩენოდა. როგორც თავად ამბობს, არაფერი გამოუვიდა. მას მხოლოდ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და იმაზე დათანხმება უწევდა, რაც არ სურდა.
ფრანგული პორტალის Konbini-ს მიერ ახლახან ნაჩვენები ვიდეო ასექსუალობის ერთგვარ ჰიმნად იქცა. გოგონა, სახელად ლორი, ასექსუალების შესახებ ჰყვება და ამბობს:
„ადამიანებს არ ესმით, რომ სიყვარული სექსის გარეშე რეალური რამ არის. ისინი ჩვენს გამოსწორებას, განკურნებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ავად არ ვართ. ასექსუალობა – ავადმყოფობა არ არის“.
„გეუბნებიან, – „დამიმტკიცე , რომ გიყვარვარ“. ძნელია, ადამიანს აუხსნა, რომ გიყვარს, მაგრამ არ გინდა, შარვალში ჩაუძვრე“.
ლორის თქმით, დღეს ყველამ იცის, თუ რა არის ჰომოსექსუალიზმი, და ვიღაც ამას იღებს, ვიღაც კი – არა. თუმცა, ასექსუალების არსებობაზე ბევრ ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს.
ასექსუალი ადამიანების შესახებ მთავარი მითი ის არის, რომ – მათ სიყვარული არ შეუძლიათ და ახლო ურთერთობა არ სურთ.
მაგრამ ეს ასე არ არის. და საზოგადოება AVEN მათ შორის იმისთვისაც შეიქმნა, რომ ასექსუალებმა იქ არამხოლოდ მხარდაჭერა მიიღონ, არამედ შესაძლო პარტნიორიც იპოვონ.
პარტნიორის მოძებნა ჩვეულებრივ სოციალურ ქსელებშიც შეიძლება. Facebook-ის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ჯგუფში ახლახან ასეთი პოსტი გამოქვეყნდა:
„გამარჯობა, მე 35 წლის ვარ, სიმაღლე -177, წონა -80. ურთიერთობისთვის ვეძებ ქალს, მაგრამ სამწუხაროდ – სექსის გარეშე. საქმე ის არის, რომ მე ასექსუალი ვარ. გთხოვთ იმპოტენციასა და ფრიგიდულობაში ნუ აურევთ. ჩემთვის გრძნობები უცხო არ არის, შემიძლია სილამაზის დაფასება, და თავაზიანად მოქცევა“.
პუბლიკაციის ავტორმა ანონიმად დარჩენა ისურვა, თუმცა დათანხმდა, რომ ასექსუალი მამაკაცის ბაქოში ცხოვრების თავისებურებების შესახებ JAMnews-ისთვის მოეყოლა.
„კოცნა და სხვა პრელუდიები ჩემთვის მისაღებია, თუმცა უამისოდაც კარგად გავძლებ. თავიდან მეგონა, რომ იმპოტენტი ვარ. დავდიოდი ექიმებთან, რომლებმაც მხოლოდ ის იციან, რომ კამარგას და სხვა ჯენერიკებს გამოგიწერენ (კამარგა – ვიაგრიდან წარმოშობილი, ჯენერიკი – ორიგინალური პრეპარატის ასლები). ხუთი წლის წინათ დავგუგლე: „ადამიანი, რომელსაც სექსი არ უნდა“. და მაშინ გავიგე, რომ ეს ავადმყოფობა არ არის“.
მან ასევე აღიარა, რომ მეგობრებთან საკუთარ ასექსუალობას მალავს. და თავი რომ არ გასცეს, სიმპათიური გოგონას დანახვაზე ჰეტეროსექსუალი მამაკაცისთვის დამახასიათებელ ამგვარ ფრაზებს ამბობს “nəbabatqızdı” („ამ გოგონას არაუშავს“).
„მაგრამ მე თავს კარგად აღზრდილ ადამიანად მივიჩნევ და ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ სხვებისგან არ გამოვირჩე. მეგობრებს გეი რომ არ ვეგონო. ასექსუალების შესახებ მაშინ მე თვითონაც არაფერი ვიცოდი. ლამაზი ქალის ყურება მომწონს, მაგრამ ამ დროს აღგზნებას არ განვიცდი“, – განმარტავს ის.
კლინიკური ფსიქოლოგისა და სექს-თერაპევტის ტახმასიპ ჯავადზადეს თქმით, ასექსუალობას სექსუალური ლტოლვის მოშლასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„არსებობს ოთხი სახის სექსუალური ორიენტაცია: ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და ასექსუალური. არც ერთი მათგანი გადახრას არ წარმოადგენს“, – ამბობს ის.
ის, რომ ექიმები ასექსუალს ვიაგრას უწერენ, სექს-თერაპევტი ამაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:
„თუკი სექსის სურვილი არ არსებობს, არავითარი ვიაგრა არ უშველის. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შველის, როდესაც სურვილი არსებობს“.
შეიძლება თუ არა, რომ ასექსუალობამ ურთიერთობა გააფუჭოს?
ნამდვილად შეიძლება, თუკი ერთი პარტნიორი ასექსუალურია, მეორე კი – არა. სიტუაცია რეალური წყვილის მაგალითზე განვიხილოთ.
ფიდანი კიამრანს, უკვე სამი წელიწადია, ხვდება, და ის მას მხოლოდ ლოყაზე კოცნის.
„ვერაფრით ვთანხმდებით, ის სიახლოვეს კატეგორიულად ეწინაააღმდეგება. ზოგჯერ ერთმანეთს ვეხუტებით, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ინტიმს ტაბუ ადევს. თანაც, კიამრანს თავი ასექსუალად არ მიაჩნია. მას ჰგონია, რომ ასექსუალობა სამედიცინო დიაგნოზია, და თუ თავს ასექსუალს უწოდებს, რაღაც „სხვანაირი“ გახდება“, — ჰყვება გოგონა.
თავად ფიდანი ჰეტეროსექსუალურია, და პარტნიორის მხრიდან კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა შემაშფოთებელ ფიქრებს აღუძრავს.
„ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ მას არატრადიციული ორიენტაცია აქვს. მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია, ის გეის სრულიად არ ჰგავს“.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ფიზიკური სიახლოვე ძალიან აკლია, ის შეყვარებულთან დაშორებას არ აპირებს: ამ ყველაფერს მისი ადამიანური თვისებები სწონის.
ადამიანების უმრავლესობისთვის ასექსუალობა ჯერ კიდევ გაუგებარია. ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს ევოლუციის შედეგია, ეგრეთ წოდებული „ახალი ადამიანები“. ვიღაცას ასექსუალობა ცელიბატში – შეგნებულ თავშეკავებაში ერევა. მაგრამ ეს კიდევ ერთი გავრცელებული მითია: ასექსუალები ამტკიცებენ, რომ ისინი სქესობრივი ცხოვრებისგან თავს არ იკავებენ. ის მათ უბრალოდ არ სჭირდებათ.
„ამ ორიენტაციის ადამიანებს მხოლოდ ის უნდათ, რომ სიყვარულის მათეულ ხედვას, ანუ სიყვარულს სექსის გარეშე, ბოლოს და ბოლოს გაუგონ და პატივი სცენ“, — აცხადებს ლორი.