"ოცნება" კონსტიტუციას არღვევს - არასამთავრობოების განცხადება ევროინტეგრაციაზე
არასამთავრობოები ევროინტეგრაციაზე
18 არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია.
NGO-ების განმარტებით, მსგავსი ტიპის “უპასუხისმგებლო და სახიფათო” განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს.
“საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას. როგორც არასამთავრობოები აღნიშნავენ, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება და მის “სიმბოლურ” მნიშვნელობაზე აპელირება მოსახლეობაში ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:
- საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას.
- ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს.
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაგრამ, იქვე, ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის.
“ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, “ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა”, “ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ” – ამ და მსგავსი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.
ახლა საქართველო ელოდება ევროკომისიის მოსაზრებას (ე.წ. Opinion), რომელიც, JAMnews-ის წყაროს ინფორმაციით, 17 ივნისს უნდა გასაჯაროვდეს.