აქტივისტ ნიკო მანაგაძეს, რომელიც "დახვდი კობახიძეს" ერთ-ერთი ორგანიზატორია, უნივერსიტეტთან სცემეს
აქტივისტ ნიკო მანაგაძეს სცემეს
მოძრაობა “თავისუფლებისთვის” აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკო მანაგაძე აქციის – “დახვდი” კობახიძეს” ერთ-ერთი ორგანიზატორია. საპროტესტო აქცია პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხვალ, დილის 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთანაა ჩანიშნული.
ცნობილია, რომ მას თავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაესხნენ, მაშინ, როცა ის ლექციიდან გამოდიოდა. ვიდეოზე ჩანან ის პირებიც, ვინც აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა.
“გამოვდიოდი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს ზებრასთან ვიდექი და აქ შეგვხვდნენ, გზაზე გადმოვდიოდი, ავტობუსის გაჩერებისკენ მივდიოდი და უკნიდან ვიგრძენი რაღაცნაირად ჩარტყმა. არც დამინახავს, შევბრუნდი და მერე მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა და ის ჩანთაც ავიღე და ასე ვცდილობდი თავდაცვას. მერე მოვიდა მეორე, მესამე, მე უკვე ალყაში ვიყავი, არც მახსოვს, რამდენნი იყვნენ… მინიმუმ სამი იყო, რაც დავინახე, შეიძლება ოთხიც… სახეზეც კი არ მახსოვს ეგ ხალხი.” – განაცხადა მან.
7 მაისს უცნობი პირი ფიზიკურად დაესხა თავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს. თავდასხმა მოხდა დღისით, თბილისის ცენტრში – შვედეთის საელჩოს წინ.
5 მაისს, ლანჩხუთში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ პედაგოგს, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას. აფხაზავა აქტიურად მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებში. თავდასხმის დროს აფხაზავა შვილთან ერთად იმყოფებოდა.
1 მაისს, აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი სპეცრაზმის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
8 მაისის ღამეს თბილისში „აგენტების კანონის“ სულ მცირე სამ მოწინააღმდეგეს თავს დაესხნენ დაუდგენელი ჯგუფები და სცემეს.
ერთ-ერთია დიმიტრი ჩიქოვანი, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის”სამდივნოს წევრი. ჩიქოვანს თავს დაესხნენ თბილისის ცენტრალურ უბანში, სოლოლაკში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან.
8 მაისს თავს დაესხნენ ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, “აგენტების კანონის” აქტიურ მოწინააღმდეგეს, გია ჯაფარიძე. ჯაფარიძე ოპოზიციური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ძმაა.
იმავე ღამეს, 8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ კიდევ ერთი მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ის ამ დროს მეგობართან ერთად იყო, რომელმაც ძალადობის ფაქტის მხოლოდ ფრაგმენტის გადაღება შეძლო.