აქციის დაშლის ღამე. რას აპირებს ოპოზიცია? ქრონოლოგია და ფოტოები
ათობით ადამიანი დაშავდა 8 ნოემბერს ღამე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ, როდესაც პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცესკოსთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, არჩევნები გაყალბებულია.
ღამე ოპოზიცია დაიშალა, თუმცა დღეს კვლავ დაანონსებულია მიტინგი პარლამენტის შენობის წინ.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მოკლედ
9 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის აქცია დაიწყო. პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მომიტინგეებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ:
- ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
- გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს
- გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და ამ მოთხოვნების შესასრულებლად დრო 20:00 საათამდე მისცეს.
ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნებს “აბსურდული” უწოდა. “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პროტესტს მხარდაჭერა არ აქვს და ხალხი ხელისუფლებას ემხრობა.
“აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი, წამზომის გამორთვამდე კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე შემცირდა, შეიძლება 2500 კაციც იდგა იმ დროისთვის”
ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს ცესკოს შენობასთან გადასვლისკენ მოუწოდეს.
ოპოზიციის გეგმით, მომიტინგეებს ცესკოს შენობის ბლოკირება უნდა მოეხდინათ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდა.
„დღეიდან ცესკოს შენობაში ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები… ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში,” – აცხადებდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია.
მომიტინგეები და ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ დაიძრნენ.
ცესკოს შენობამდე მხოლოდ რამდენიმე ათეული მომიტინგე იყო მისული, სპეცრაზმმა მათი დაშლა რომ დაიწყო.
ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები, რომლებიც იმ დროს იქ იყვნენ, აღნიშნავენ, რომ მიტინგის დაშლა და წყლის ჭავლის გამოყენება სამართალდამცავებმა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად დაიწყეს.
__________________________________________________________________________
JAMnews-ის ფოტოკორესპონდენტის, დავით ფიფიას ფოტორეპორტაჟი:
_________________________________________________________________________
ხელისუფლება ძალის გამოყენებას იმით ხსნის, რომ მომიტინგეები ქვებს ისროდნენ პოლიციელების მისამართით.
პოლიცია აცხადებს, რომ ოპოზიცია სახელმწიფო უწყების შტურმით აღებას გეგმავდა.
“დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა, ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები მუშტებსა და ქვებს ურტყამენ არა პოლიციელებს, არამედ რკინის მესერს, რომელიც ცესკოს შენობას აქვს შემოვლებული. ხოლო უკვე წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, ისინი პოლიციელებსაც ესვრიან ქვებს.
წყლის ჭავლით სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ მეორედაც გამოიყენა, უკვე მას შემდეგ, რაც ცესკოსთან ოპოზიციის ლიდერები და აქციის დანარჩენი მონაწილეები მივიდნენ.
გამოყენებული იყო ასევე ცრემლსადენი გაზიც.
არიან დაშავებულები. მათ შორის ჟურნალისტები.
“ტვ პირველის” ოპერატორს თვალი დაუზიანდა.
დაზიანდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი და ჟურნალისტი.
ასევე, ” ფორმულას” ცნობით, ტელეკომპანიის კიდევ ერთი ოპერატორი შეუძლოდ გახდა წყლით დასველების შემდეგ – იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
გუშინ ცესკოს შენობასთან მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
მან გააკრიტიკა ხელისუფლება წყლის ჭავლის გამოყენების გამო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლიციამ გაფრთხილების გარეშე დაიწყო მიტინგის დაშლა, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა. ასევე, მისი შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში, როდესაც არ იყო “ძალიან დიდი, აგრესიული და შეიარაღებული მასა” პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა:
“ზოგადად ცივ ამინდში პირდაპირ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და არაპროპორციულად წყლის ჭავლის გამოყენება ითვლება და საერთაშორისო სტანდარტებით უთანაბრდება არასათანადო მოპყრობასაც კი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ და ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
პანდემიის დროს წყლის ჭავლის გამოყენება ფეისბუკზე გააპროტესტა რამდენიმე ქართველმა ექიმმა. მათი თქმით, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიაა, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით ადამიანების დევნამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს.
აქციის მეორედ დაშლის შემდეგ ოპოზიციამ მხარდამჭერებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა.
თუმცა, იქვე ითქვა, რომ ოპოზიციური პროტესტი გაგრძელდება.
9 ნოემბერს 18:00 საათზე ოპოზიცია კვლავ მოუწოდებს შეკრებისკენ თავის მხარდამჭერებს. აქცია პარლამენტის შენობის წინაა დაგეგმილი.
“იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის ბოლომდე. ყველა უნდა მოვიდეთ. არაფრის არ გვეშინია. ხალხს სურვილი აქვს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის არჩევნებში და ესენი სხვა რამეს წერენ. ამას ვინ შეურიგდება?” – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარალელურად, საქართველოში მძიმე ეპიდსიტუაციაა. ყოველდღიურად სამი ათასამდე ახალი ინფიცირებულის გამოვლენა ხდება, ჯანდაცვის სისტემა ვერ აკონტროლებს სიტუაციას – სოციალურ ქსელში ინფიცირებული ადამიანები წერენ, რომ ტელეფონითაც ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას.
დღეიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ამოქმედდა კომენდანტი საათი – გარეთ გასვლა აკრძალულია 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.
____________________________________
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, პარტიამ “ქართული ოცნება” უკვე მესამედ დარჩა ხელისუფლების სათავეში, თუმცა ჯამში ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო.
ცესკოს ოფიციალური მონაცემები ასეთია:
1. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” – 48,24%
2.”ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია” – 27.15%
3. “ევროპული საქართველო – 3,79%
4. “პატრიოტთა ალიანსი” – 3.14%
5. “ლელო” – 3.16%
6. “სტატეგია აღმაშენებელი” – 3.15%
7. “გირჩი” – 2.89%
8. მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1.33%
ამ შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნება” ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას ანუ ირჩევს და ნიშნავს მთავრობას ერთპიროვნულად.
ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. შვიდივე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში გავიდა, უარს ამბობს სადეპუტატო მანდატებზე და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
- რა გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას, რომელიც არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს
- ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ისინი პარლამენტში არ შევლენ
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ხმები გააყალბა და ის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცენტი მოიპარა, რომელთა გარეშეც ვერ მოაგროვებდა მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებისთვის საკმარისი მანდატების რაოდენობას.
ამის დასტურად მოჰყავთ საარჩევნო ოქმები, სადაც ციფრებში ბევრი აცდენაა – მაგალითად, არის ოქმები, სადაც “ოცნებას” უფრო მეტი ხმა აქვს, ვიდრე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა და ა.შ. ასევე, როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების მრავალრიცხოვან შემთხვევებზე. არჩევნები გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც.
- ომბუდსმენი არჩევნებზე: მინიმუმ 8 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა
- ნინო ლომჯარია: ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების გაყალბება ჰქვია
- აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- არასამთავრობოები: მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები არ იყო უნაკლო – იყო დაშინების და მოსყიდვის ფაქტებიც, თუმცა საერთო ჯამში ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო, ფიქრობენ ეუთო/ოდირის წარმომადგებლები.