ხელისუფლება ცესკოსთან აქციას შლის
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან წყლის ჭავლი გაუშვეს და აქციის მონაწილეებს შლიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებით ჯგუფები და სპეცდანიშნულების რაზმები.
რა ხდებოდა მანამდე:
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის დრო ამოიწურა, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა უკვე გადაინაცვლეს ცესკოსთან – ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომიტინგეები ცესკოს შენობის ბლოკირებას აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიციის გადაწყვეტილებაა, რომ „დღეიდან ცესკოს შენობაში ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“ და „ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში“.
„8 საათამდე ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ წამოსულიყო კომპრომისზე,” – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა კონტაქტი – კონტაქტზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოვიდნენ
“ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციას და კობახიძე-თალაკვაძეს შორის და ბოლო ინფორმაცია არის, ხვალ იქნებ დაველაპარაკოთო. სანამ შეხვედრა არ შედგება, არცერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოთეტური დაპირებისა, არ სჯერა,” – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში”.
ამ განცხადების შემდეგ მომიტინგეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ დაიძრნენ.
ადგილზე მისული მომიტინგეები ერთ-ერთ შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებსა და ქვებს ურტყამენ.
აქტივისტები სკანდირებენ: „მონებო“, „ქურდებო“ და „გააღეთ“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. ტერიტორიაზე განთავსებულია სახანძრო მანქანაც და როგორც ტელეკომპანია პირველი იტყობინება, აქ არის წყლის ჭავლის მანქანაც.
ცესკოს შენობას აქციის მონაწილეებისგან პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვი იცავს.
ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, აქციაზე ცოტა ადამიანი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს.
“აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი, წამზომის გამორთვამდე კი მათი რაოდენობა 3 ათასამდე შემცირდა, შეიძლება 2500 კაციც იდგა იმ დროისთვის”