ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ დავა საერთაშორისო არბირტრაჟში დავა დაიწყო.
არბიტრაჟში სულ ორი სარჩელია შესული. ერთი სარჩელი უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა შეიტანა, ხოლო მეორე – ბობ მეიერსმა, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი იყო.
არბიტრაჟში შეტანილი სარჩელით ისინი საქართველოს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. საუბარია 1 მლრდ აშშ დოლარზე.
• რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ საქართველომ რეგრესი განიცადა – კონგრესმენების წერილი მაიკ პომპეოს
კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ტედ ჯონასი ამბობს, რომ მოთხოვილ თანხაში გათვალისწინებულია როგორც ანაკლიის ინვესტორების მიერ პროექტში დაბანდებული თანხა, ასევე ის მოგებაც, რომელიც მათ უნდა მიეღოთ.
“ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბირტრაჟში დავის დაწყებას.
“ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუკი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ,“ – ამბობს თურნავა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავისთვის კომპანია White&Case LLP დაიქირავა. White&Case LLP-სთან ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტომ გააფორმა.
სააგენტოსა და იურიდიულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 319 ათასი დოლარია, ხოლო ხანგრძლივობა – სამი თვე. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ სააგენტოს უნდა გაუწიოს კონსულტაცია და იურიდიული მომსახურება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ჩაშლილი ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით.
ხელშეკრულება 2020 წლის 3 მარტს არის გაფორმებული. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, კომპანიის თვიური ანაზღაურება გადასახადებისა და ჰონორარების გარეშე, სამუშაო საათების მიუხედავად, 110 ათასი დოლარია.
საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა.
2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.
საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.