ISFED ამომრჩეველთა მოსყიდვის, ზეწოლისა და შანტაჟის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მორიგი ანგარიში წარმოადგინა.
მეოთხე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, საუბარია ძალადობის, ზეწოლის, მუქარის, მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა დარღვევებზე.
„ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების -1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ISFED-ის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლის გახშირებული ფაქტები წარმოადგენს.
ორგანიზაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ქალი პოლიტიკოსების მიმართ პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევების გამო და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დამნაშავეთა ადეკვატური დასჯისკენ.
რეკომენდაციები
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას:
- დროულად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები;
- არ გამოიყენოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული რესურსები პარტიული მიზნებისთვის;
- საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.
პოლიტიკურ პარტიებს:
- თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
- არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება;
- არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიული მიზნებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
- არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის ფარგლებში;
არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.