Al: სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება მეტს მოითხოვს, ვიდრე ხუთი პოლიციელის წინააღმდეგ ბრალდება
Amnesty International-ის განცხადება
სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება მეტს მოითხოვს, ვიდრე ხუთი სამართალდამცავის დაკავება დემონსტრანტებზე ძალადობის ბრალდებით, – ასე ეხმაურება Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი 2024 წლის აქციების დროს სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას.
მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე პირის დაკავება ვერ ასახავს იმ მასშტაბის დარღვევებს, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით ბოლო პერიოდში დაფიქსირდა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების მიმართ.
კრივოშეევი აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ის დაგვიანებით, დაახლოებით 17 თვის შემდეგ განხორციელდა. მისი თქმით, Amnesty International-მა დააფიქსირა ათობით შემთხვევა, რომლებიც მოიცავს უკანონო ძალის გამოყენებას, სავარაუდო წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობას.
ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანებები მძიმე იყო, მათ შორის ძვლების მოტეხილობები, რაც მომიტინგეებს მაშინ მიადგათ, როდესაც ისინი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ.
დენის კრივოშეევის თქმით, ასობით ადამიანი ჩიოდა მსგავს მოპყრობაზე, რაც მიუთითებს არა იზოლირებულ ინციდენტებზე, არამედ სისტემურ პრობლემაზე:
“სამართლიანობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა ამ შემთხვევისთვის. ხუთი პირის დაკავება ვერ ცვლის საქართველოში დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მრავალი სავარაუდო დარღვევა ჯერ კიდევ ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება.”
Amnesty International-ის წარმომადგენელი მოუწოდებს, რომ გენერალური პროკურატურის გამოძიება არ შემოიფარგლოს მხოლოდ დაკავებული პირებით და გავრცელდეს ყველა შესაძლო პასუხისმგებელზე, მათ შორის იმ პირებზე, ვინც ბრძანებებს გასცემდა ან ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენცია.
მისი შეფასებით, მხოლოდ ასეთი მიდგომა შეიძლება გახდეს საფუძველი რეალური ანგარიშვალდებულებისთვის იმ ძალადობის საქმეებში, რომლებიც 2024 წლის აქციებს უკავშირდება.
კონტექსტი
პროკურატურამ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა.
შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
5 მაისს ტელეკომპანია “ფორმულამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, სისტემიდან “სხვადასხვა წყაროს” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს. ინფორმაცია, ტელეარხის ცნობით, მიაწოდეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედმა თანამშრომლებმა, და ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარო დაუდასტურა მათ.