აუდიტის სამსახურმა პრორუსული ალტ-ინფო 218 ათასი ლარით დააჯარიმა
ალტ-ინფო დაჯარიმდა
აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფო“ 218 ათასი ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება ე.წ. შავ ფულს – „ალტ-ინფომ“ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა და არაფულადი შეწირულებები დამალა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკლარაციაში პარტია აღნიშნავდა, რომ დეკემბრის თვეში მათ ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ. რაც შეეხება არაფულადი შეწირულებების დამალვას, როგორც უწყებაში განმარტავენ, დეკლარაციაში არ იყო ასახული საოფისე თუ სხვა ინვენტარული მომსახურება.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტიის მიერ ჯამში არადეკლარირებულმა ხარჯმა 72 ათასი ლარი შეადგინა, კანონმდებლობის მიხედვით კი პარტია უნდა დაჯარიმდეს თანხის ორმაგი ოდენობით. ასევე, ერთმაგი ოდენობა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში. შესაბამისად, სამსახურის თქმით, სასამართლოს პარტიის 216 000 ლარის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართეს.
„TV პირველთან“ საუბრისას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ:
„პარასკევს დაწერეს ეს ჯარიმა. დაახლოებით, 220 ათასი ლარია. ზუსტად არ მახსოვს. გამოგვიტანეს თითქოს არასწორი ხარჯვა… შარი მოგვდეს. ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც და თუ მაინც მიიღებენ ვერდიქტს, დავემორჩილებით კანონს. თუ საბოლოო ვერდიქტი იქნება, ვაპირებ, გადავიხადო.”
უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა პრორუსული, ულტრარადიკალური მედია-ორგანიზაცია “ალტ-ინფო”, რომლის წარმომადგენლებმა გასული წლის ბოლოს პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.
ალტ-ინფოს ეთერის მსმენელები დღეს უწყვეტ რეჟიმში ისმენენ უკრაინის ომის რუსულ ვერსიას – დასავლეთზე, რომელმაც წააქეზა უკრაინა და ზელენსკიზე, რომელმაც ნატოს გამო საკუთარი ხალხი არ დაინდო. საქართველოსთვის კი, ერთადერთი ხსნა და პრაგმატული გამოსავალი, რუსეთთან დიალოგია, – აცხადებენ ისინი, – და მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაუბრუნოს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამგვარი ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას და მათი გაძლიერება საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. კავშირს “ალტ-ინფოს” ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებიც.