აია-სოფია მეჩეთი გახდა. ფოტო და ისტორია
86 წლის შემდეგ აია-სოფიას ტაძარს, სტამბოლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, როგორც მუსლიმური, ისე ქრისტიანული სამყაროს სიწმინდეს – მუზეუმის სტატუსი მოეხსნა და ღვთისმსახურებისთვის ღიაა, როგორც მეჩეთი.
2020 წლის 10 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, ათათურქის მთავრობის 1934 წლის 14 ნოემბრის დადგენილების – აია-სოფიას მეჩეთიდან მუზეუმად გარდაქმნის თაობაზე – გაუქმების შესახებ.
ერისადმი მიმართვისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია, როგორც მეჩეთი, მუშაობას 24 ივლისიდან დაიწყებს. მისი მონახულება უფასო გახდება და შიგნით შესვლა ნებისმიერს შეეძლება, განურჩევლად აღმსარებლობისა – ისევე, როგორც ეს ხდება სტამბოლში, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლის – სულთან აჰმედის მეჩეთის შემთხვევაში.
იმავე დღეს, ათეულობით წლის შემდეგ პირველად, იქ აზანი, მუსლიმების ლოცვისკენ მოწოდება, გაისმა.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში 537 წელს ააგეს. თავისი ისტორიის განმავლობაში აია-სოფია სტატუსს მეოთხედ იცვლის.
თავიდან ეს იყო მართლმადიდებლური ტაძარი, შემდეგ მეჩეთი, შემდეგ – მუზეუმი.
1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, სულთანმა მეჰმედ მეორე ფათიჰმა, გამოსცა ბრძანება ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძრის – წმინდა სოფიას ეკლესიის მეჩეთად გადაკეთებისა და მისი სახელის აია-სოფიად გადარქმევის თაობაზე.
1931 წლამდე აია-სოფია ფუნქციონირებდა, როგორც მეჩეთი. 1934 წელს თურქეთის ხელმძღვანელობამ ისტორიის ძეგლი ღვთისმსახურებისთვის დახურა და მას მუზეუმის სტატუსი მიანიჭა. 1935 წლიდან ძეგლი მნახველებისთვის მუზეუმის სახით გაიხსნა.
• თურქეთის პრეზიდენტი Youtube-ის, Twitter-ისა და Netflix-ის წინააღმდეგ. რატომ და ვინ იმარჯვებს
• ყარაბაღი: რატომ აღადგენენ სომხები მეჩეთს?
• ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
• დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
ერდოღანის მმართველობის წლებში, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი დღის წესრიგში არაერთხელ დადგა.
ჯერ კიდევ 2005 წელს, თურქეთის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ – სახელმწიფო საბჭომ, წარმოებაში არ მიიღო ამ მოთხოვნით სარჩელი, რომელიც შეიტანა ფონდების, ისტორიული ნაწარმოებებისა და გარემოს მომსახურების ორგანიზაციამ შეიტანა.
აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის მოხსნის ალბათობა თურქულ საზოგადოებაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია, განიხილება. სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, უმრავლესობა მხარს უჭერს ისტორიული ძეგლის მეჩეთად გადაკეთებას. თუმცა ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს.
აია-სოფიას ისტორიისა და მის გარშემო პოლიტიკურ-რელიგიური პერიპეტიების შესახებ: