აფხაზური ოპოზიცია რუს დეპუტატს შეხვდება, რომელმაც მანამდე ისინი შეურაცხყო
ზატულინმა შეურაცხყოფა მიაყენა აფხაზეთის ოპოზიციას
აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის ბრალდებებით აღშფოთებულმა ოპოზიციამ ის სასაუბროდ “დაიბარა.” ზატულინი დათანხმდა. შეხვედრა სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ამჟამად კრიზისს განიცდის.
პირველ სექტემბერს კრემლმა, აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, შეაჩერა აფხაზეთის საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა.
- “ჩვენ არავისთან არ ვართ დამნაშავე” – მოსაზრება აფხაზეთიდან რუსეთის მიერ ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ
- “ეს აფხაზების, როგორც ეთნოსის გადარჩენის საკითხია” – როგორ ებრძვის აფხაზეთი უცხოურ გავლენას
სწორედ ამ კონტექსტში თქვა კონსტანტინ ზატულინმა, რომ აფხაზეთის პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს. მისი თქმით, ეს “აქტიური უმცირესობა“ აწარმოებს კამპანიას რუსეთთან თანამშრომლობის წინააღმდეგ და ეს კამპანია ინიცირებულია და ფინანსდება უცხოეთიდან.
ასევე იყო თავდასხმები კონკრეტულ ადამიანებზე. კერძოდ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კან კვარჩია გააკრიტიკა ზატულინმა იმის გამო, რომ ორი წლის წინ რუსი და აფხაზი დეპუტატების შეხვედრაზე ის თითქოს დასცინოდა რუსული არმიის მიერ ხარკოვის აღების უუნარობას.
ამის საპასუხოდ კან კვარჩიამ განაცხადა, რომ “ღრმად აფასებს“ რუსეთის მხარდაჭერას ქართულ-აფხაზური ომის დროს და ომის შემდგომ წლებში, მაგრამ ეს არავის არ აძლევს ფაქტების დამახინჯების და იარლიყების მიწეპების უფლებას.
კონფლიქტში სხვა ოპოზიციონერებიც ჩაერთნენ. ზოგიერთმა მათგანმა კონსტანტინ ზატულინს საჯარო ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.
ამასთან, ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც რუსი დეპუტატი შეხვედრაზე მიიწვიეს. ის 27-30 სექტემბერს სოხუმში გაიმართება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო