აფხაზეთში (სავარაუდოდ) ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვა აღარ მოხდება
გაზიარება
გაზიარება
ელექტროენერგიის პრობლემა აფხაზეთში
ამ ზამთარში აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვა არ იქნება, თუ ძლიერი სიცივე არ დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია “ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჯინძოლიამ განაცხადა.
კრიპტოვალუტის უკონტროლო მოპოვების გამო, აფხაზეთი უკვე რამდენიმე წელია ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ შემოდგომაზე და ზამთარში ვლინდება, როდესაც ენგურის ჰიდროელექტროსადგურში, რომელიც აფხაზეთის ერთადერთი ელექტროსადგურია, წყლის დონე ეცემა.
აფხაზეთი ზამთრის დეფიციტს ნაწილობრივ რუსეთიდან ელექტროენერგიის ფასდაკლებით შესყიდვით ფარავს. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი და უკვე რამდენიმე წელია, რაც ელექტროენერგიის გათიშვა ხდება, რაც ზოგჯერ დღეში 12 საათამდე გრძელდება.
ჯინძოლიას თქმით, შემოდგომის დადგომასთან ერთად ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ გაიზარდა. თუმცა, საერთო ჯამში, მოხმარების კლების ტენდენცია 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირდა, რამაც მათ საშუალება მისცა, ნაკლები რუსული ელექტროენერგია შეეძინათ და მნიშვნელოვნად დაეზოგათ.
თუმცა, ამ ოპტიმისტური განცხადებიდან ერთ დღეზე ნაკლებ დროში, ენერგეტიკის სამინისტრომ ოჩამჩირის რაიონში 16-დან 31 ოქტომბრამდე ელექტროენერგიის ექვსსაათიანი გათიშვის გრაფიკის შემოღების შესახებ განაცხადა. ენერგეტიკოსები ამას ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილ რეკონსტრუქციულ სამუშაოებს უკავშირებენ.