პრეზიდენტი სამარცხვინოს უწოდებს დეპუტატ ოდიშარიას განცხადებას აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე
აფხაზეთში დაკავებული პირები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, მეორე ოტობაიას დასახლებაში საქართველოს ორი მოქალაქე გუშინ, 20 აგვისტოს დააკავეს. დაკავებულ მოქალაქეებს აფხაზეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ და საქართველოდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ეხმარებოდნენ.
უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას თქმით, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის “აღებ-მიცემობით” იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური საოკუპაციო საზღვარი, დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის.
“თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის” – თქვა ოდიშარიამ.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ასევე თქვა, რომ რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოდან აფხაზეთში გადასვლას ცდილობდნენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება
“სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ !!!!
საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე.
ეს როგორც ჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა. რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ” – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.