სოხუმის სანაპიროზე სკუტერებით სეირნობა აკრძალეს
სოხუმში ცენტრალურ ქუჩებზე ელექტროსკუტერებით სიარული აიკრძალა.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ ხელი მოაწერა განკარგულებას “სოხუმში, ჭითანავას ქუჩაზე, მაჰაჯირების და დიოსკურიის სანაპიროებზე ელექტროსკუტერების, გიროსკუტერების და მონობორბლების გამოყენების აკრძალვის დაწესების შესახებ”. ეს მთავარი ცენტრალური ქუჩებია, რომლებზეც სოხუმელებს ამ გადაადგილების თანამედროვე საშუალებებით სეირნობა შეეძლოთ.
ძირითადად, ამგვარი დასვენება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს იზიდავდა.
• მაინინგი აფხაზეთს ენერგოკრიზისით ემუქრება
• ტყვარჩელი – ქალაქი აფხაზეთში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის
პრობლემა ისაა, რომ ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით, სოხუმში გადაადგილების ეს საშუალება არა ტრანსპორტი, არამედ გასართობია. ქალაქის მთავარ სანაპიროზე მეწარმეები სკუტერებს 5 – დან 30 წუთამდე 5-10 დოლარად აქირავებენ.
სკუტერებით ძირითადად სანაპიროს საფეხმავლო ნაწილზე სეირნობდნენ, რადგან სპეციალური ბილიკები და ზონები ქალაქში არ არსებობს. ამ ტრანსპორტის მძღოლები ხშირად ფეხით მოსიარულეებს, ეტლებს და რესტორნის ვერანდებსაც კი ეჯახებოდნენ.
ამიტომაც უფროსი თაობის წარმომადგენლებს აღიზიანებდნენ სკუტერებით მოსეირნე ახალგაზრდები, რომლებიც მათ სეირნობას ხელს უშლიდნენ.
აქედან გამომდინარე, მერის გადაწყვეტილებას ამ “ტრანსპორტის” აკრძალვის შესახებ, სოცქსელებში ძირითადად აღფრთოვანება მოჰყვა.
”ყოჩაღ, სწორი გადაწყვეტილებაა! თორე მიდიხარ შენთვის და არ იცი, რომელი მხრიდან დაგარტყამენ! ”- წერს სოხუმის მკვიდრი ზამირა მარხოლია.
”პატარა ბავშვები რომ სეირნობენ, განსაკუთრებით საშიშია, ღმერთმა ნუ ქნას ვინმე დაეჯახოთ”, – ეთანხმება მას გუნდა პაპასკირი.
”შესანიშნავი ამბავია, ბავშვებთან ერთად სულ დაძაბულები დავდიოდით, როდის და საიდან მოფრინდებოდა უხმო ჭურვი, არ ვიცოდით”, – წერს ვიაჩესლავ პოპოვი.