აფხაზეთი ჯერჯერობით რუს ტურისტებს არ მიიღებს
აფხაზეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რუსეთთან საზღვარი დროზე ადრე არ გახსნას, რადგან ტურისტებთან ერთად, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ტალღაც შევიდეს. აფხაზეთის ბიუჯეტი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ვერ მიიღებს, რადგან ტურიზმის სფეროზეა დამოკიდებული. ამიტომ, უკვე განაცხადეს იმის შესახებ, რომ ივნისსა და ივლისში, ხელფასები შეფერხდება.
ოფიციალური მონაცემებით, ახლა რუსეთთან საზღვარს, დღე-ღამეში, დაახლოებით, 150 ადამიანი კვეთს.
„თუკი აფხაზეთი საზღვარს გახსნის, ეს რიცხვი, როგორც მინიმუმ ათასჯერ გაიზრდება. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, რადგან, ეს შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა.
აფხაზეთის ხელისუფლებას კორონავირუსის აფეთქების საფრთხე უფრო აშინებს, ვიდრე უზარმაზარი ფინანსური დანაკარგები, რომელსაც ბიუჯეტი და მოსახლეობა განიცდის ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო.
- აფხაზეთი: შვიდი კადეტი კორონავირუსით და უსიმპტომოდ. ისტორიები კლინიკიდან და კარანტინიდან
- აფხაზეთში მცირე ბიზნესს სჭირდება არა ფული, არამედ რეფორმები
თვითონ რესპუბლიკაში, ფაქტობრივად ყველა შემზღუდავი საკარანტინო ზომა მოიხსნება. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ დაადასტურა, რომ ამ დროისთვის, აფხაზეთში, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების არც ერთი კერა არ არის.
„ყველა შემთხვევა, რომელიც ადრე დადასტურდა, გარედან იყო შემოტანილი“, – განაცხადა მინისტრმა.
პანდემიის დაწყებიდან, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების 35 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა – 95 წლის ქალი.
16 ივნისის მონაცემებით, რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირების 545 458 შემთხვევაა დარეგისტრირებული, გარდაიცვალა – 7 284. თუმცა, ექიმები და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს სტატისტიკა ფალსიფიცირებულია და რეალური სურათი გაცილებით უარესია.