აფხაზეთის ხელისუფლება მზად არის კომენდანტის საათის დასაწესებლად, თუკი მოსახლეობა იზოლაციის მოთხოვნებს არ დაიცავს
აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი ადამიანი არ არის. თუმცა, ხელისუფლებამ სატესტო რეჟიმში კომენდანტის საათის გატარება დაიწყო.
23:00 საათიდან დილის 7 საათამდე, მილიცია ავტომობილებსა და ფეხით მოსიარულეებს აჩერებს და აფრთხილებს იმის შესახებ, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, სახლის დატოვება არ შეიძლება.
აფხაზეთში, 28 მარტიდან 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია დაწესებული. ჩაკეტილია ყველა საზღვარი, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დახურულია სასწავლო დაწესებულებები, ტურისტული ადგილები, რესტორნები და მაღაზიები – სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა.
- რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში
- მოდელიერები და რესტორატორები ეპიდემიის პირობებში – როგორ შეცვალა კორონავირუსმა აფხაზეთის ცხოვრება
საგზაო პოლიციის ყველა პოსტზე შექმნილია სპეციალური პუნქტები, სადაც სამედიცინო პერსონალი მუშაობს. ყველა გამვლელ ავტომობილს აჩერებენ, რის შემდეგაც მძღოლებსა და მგზავრებს ტემპერატურას უზომავენ.
მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში კარგი ამინდია და ასობით მოქალაქე გამოდის პარკში და ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ.
ამიტომ, ამას ხელისუფლების გაფრთხილება მოჰყვა: თუკი მოსახლეობა არ დაიცავს კარანტინის რეჟიმს სრულად, მაშინ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი გამოცხადდება და ქალაქებს შორის გადაადგილება შეწყდება.

აფხაზეთში, კორონავირუსის ერთადერთი დაფიქსირებული შემთხვევა – 50 წლის ქალია გალის რაიონიდან, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს ქართული საზოგადოება. ის რუსეთიდან ჩამოვიდა და პრობლემა სახლში დაბრუნებიდან ერთ დღეზე ნაკლებში შეექმნა. შემდეგ, ის ქართულ მხარეს გადაიყვანეს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზით არის საავადმყოფოში მოთავსებული.
ეს ერთი შემთხვევა საკმარისი გახდა იმისათვის, რომ რადიკალური ზომები მიეღოთ. 31 მარტიდან მთელი გალის რაიონი იზოლირებულია და იქ კომენდანტის საათი მოქმედებს.
რაიონის შიგნით, ჩაკეტილია სოფელ საბერიოში შესასვლელი და გასასვლელი. სწორედ იქ ცხოვრობდა ინფიცირებული.
ექსპერტულ წრეებში, ისევე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობაში, თანხმდებიან იმაზე, რომ ხელისუფლება წინსწრებით მოქმედებას ცდილობს.
აფხაზეთში ესმით, რომ აქ ვირუსის გამოვლენა, შესაძლოა, კატასტროფად იქცეს. საკუთარი რესურსები პანდემიასთან გასამკლავებლად აშკარად არასაკმარისია – უკვე ახლა დაიწყო ხელისუფლებამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილება ეპიდემიის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის თანხების გამოსათავისუფლებლად.
როგორც ცნობილია, ჯერჯერობით, კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ 50 ადამიანს ჩაუტარდა, თუმცა, ასობით ტესტ-სისტემის მიღებას ელიან.
ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და დიასპორამ ფული მოაგროვა, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე პარტია შეიძინეს: ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სხვა სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა, დამცავი კომპლექტები, ხელთათმანები, სამედიცინო და რესპირატორული ნიღბები.
ქირურგიული ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების მეორე პარტია აფხაზეთს გაეროს განვითარების პროგრამამ მიაწოდა.
შეიქმნა ერთიანი ქოლცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 300-მდე ზარს იღებს და პრაქტიკულად თითოეულ მათგანზე ხდება რეაგირება.
ასევე, პოტენციური პაციენტების მისაღებად მზად არის რამდენიმე კლინიკა.
თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, 3 აპრილს სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი არ იყო.
გუდაუთის ჰოსპიტალში ერთი პაციენტია. მას ტესტირება ჩაუტარდა, მაგრამ კორონავირუსი არ გამოუვლინდა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, იზოლაციასა და კარანტინში გადაიყვანეს რამდენიმე პანსიონატი და დასასვენებელი სახლი. იქ ადგილობრივ მცხოვრებლებს ათავსებენ, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან ბრუნდებიან, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებია დადასტურებული, ასევე მათ, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ.
კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ აფხაზეთში მოხალისეობის ზრდა გამოიწვია. სტიქიურად ითვლება ჯგუფები, რომლებსაც პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ მარტოხელა ადამიანებისა და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.