რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო მექანიზმები არსებობს, რომელშიც “რუსეთიც მონაწილეობს”. მისივე განმარტებით, მოსკოვი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების აშენების მომხრეა. ამის შესახებ ლავროვმა 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლავროვი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები ჟენევის ფორმატის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების “მძევლად ქცევას” ცდილობენ, რაც მისი აზრით, “პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული”.
„ჩვენ მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან. არის დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ.
საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ ჟენევის მოლაპარაკებებში ახლა დასავლელი მონაწილეები – ესენი არიან ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ – როგორღაც ცდილობენ რომ დიალოგის ეს ფორმატიც იმის მძევლად აქციონ, რაც ახლა უკრაინის გარშემო ხდება. ვფიქრობ, ეს ვულგარულია, არაპროფესიონალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ კონკრეტულ რეგიონში, რაც მათი პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავორვმა შეაქო საქართველოს მთავრობა და თქვა, რომ ქვეყანა “დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს.”
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედიც გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის 10 პროცენტით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკები საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან და დასავლეთთან მიმართებაში აქებენ.
გასული წლის 25 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა ასევე შეაქო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საკითხზე პოზიციის გამო. საქართველოს რეაქციას დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში „ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება“.
კარასინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია გააანალიზა. მან თქვა, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამოქმედდა, რუსეთი საქართველოს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მისი თქმით, მოიხსნა ქართულ საქონელზე დაწესებული ყველა შეზღუდვა და რუსეთში ქართული ექსპორტი 14-ჯერ გაიზარდა.
რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია, რომელშიც საქართველო არ არის. კრემლის განმარტებით, რუს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს, კრედიტორებისთვის, რომლებიც „არამეგობრული სახელმწიფოები“ არიან, ვალის დაბრუნება რუსულ რუბლში შეეძლებათ.
თებერვალში საქართველო არ შეუერთდა უკრაინის მხარდასაჭერ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სანქციებს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.