ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი
აფეთქება ტყიბულის შახტში
გვიან ღამით ტყიბულის შახტში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. დაშავებული რვა ადამიანიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ტყიბულის კლინიკის გენერალურმა მენეჯერის, იური ელიაშვილის თქმით, სულ კლინიკაში 9 ადამიანი შეიყვანეს. როგორც ის ამბობს, ყველას მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენელმა ტელეკომპანია “ფორმულას” უთხრა, რომ ტყიბულის შახტში “ინციდენტი” მოხდა და დეტალების შრომის უსაფრთხოების სამსახური არკვევს.
გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
• “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი
•ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
დამოუკიდებელ საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 2006 წელს განაახლეს. ოთხი შახტიდან ახლა ორი მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის. პროცესს კომპანია “საქნახშირი” კურირებს, რომელიც შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელობაშია. ეს ორი შახტიც, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, მიზერული დატვირთვით მუშაობს.
წლიდან-წლამდე ტყიბული ხალხისგან იცლება – საბჭოთა დროს აქ 22 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი, 10 ათასზე ნაკლები (2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით).
ერთ-ერთი მასშტაბური გამოსვლა ტყიბულელ მეშახტეებს 2016 წელს ჰქონდათ. ათასზე მეტი გაფიცული მეშახტე ხელფასების 40 პროცენტით მომატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა.
მეშახტეები ჰყვებოდნენ, რომ ყოველ დღე ათობით კილომეტრს გადიან მიწისქვეშ, 9 სართულიანი კორპუსის სიღრმეში ჩადიან და სანაცვლოდ, სპეცტანსაცმელი, საშხაპეები და კვების რაციონიც კი მოუწესრიგებელი აქვთ.