"უკრაინა ომშია და ამიტომ აძლევენ სტატუსს" - რა თქვა პრემიერმა პარლამენტში
ღარიბაშვილი პარლამენტში
ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის შენობაში მანდატურის სამსახური იყო მობილიზებული.
ღარიბაშვილს ფაქტობრივად არ უსაუბრია პოლარიზაციის დასრულებაზე და სასამართლო რეფორმაზე – ანუ იმ პუნქტებზე, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაში ერთ-ერთი მთავარია.
სამაგიეროდ, პრემიერმა დიდი დრო დაუთმო უკრაინაზე და ბიძინა ივანიშვილზე საუბარს.
“მოღალატეებო”, “მტრებო”, “გამოექანეთ” – ასე მიმართავდა ღარიბაშვილი ოპოზიციას.
ასევე, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი “ეხვეწებოდნენ ევროპარლამენტარებს, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი.”
ირაკლი ღარიბაშვილმა დაადანაშაულა უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიაც. მისი თქმით, არახამია აშშ-სა და ევროპაში დაჟინებით ითხოვდა, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
მთავარი, რაც თქვა პრემიერმა:
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
პრემიერის თქმით, უკრაინა ომშია და სწორედ ამიტომ აძლევენ სტატუსს. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, მოლდოვაც ომთან გათანაბრებულია. პრემიერისვე თქმით, დღევანდელი მთავრობის მიღწევა ყველამ ერთად ნახა და ესაა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება – იგულისხმება ევროკომისიის ჩანაწერი: საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
“იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია, არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ, ბევრ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრით. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი, რომ მათ მისცენ სტატუსი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ევროკომისიას ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ერთი განსხვავება, რომ უკრაინას და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ჯერ ავანსად, იმ დათქმით, რომ ეს ყველაფერი უნდა შეასრულონ:
“ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, იმსახურებთ პერსპექტივას გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროკომისია ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით, ანუ პირიქითაა ჩვენ შემთხვევაში, რაც გულდასაწყვეტია.”
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო იმიტომ ისჯება, რომ ქვეყანაში ომი არ არის. ასევე, მან მიმართა ოპოზიციას და განაცხადა: “რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს.”
პრემიერმა ასევე მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს და მას მოღალატე უწოდა.
დეოლიგარქიზაცია
“დაახლოებით იგივეა, ობამას რომ დააბრალოთ ოლიგარქიული მმართველობა” – განაცხადა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის პრობლემა საქართველოს არ აქვს.
“აქვე მინდა შევახსენო, რომ ეს თემა – დეოლიგარქიზაციის ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც და რეალურად ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ, ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება”, – განმარტა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ისევ გაიმეორა მმართველი პარტიის მთავარი მესიჯი და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში მთავარი ოლიგარქები არიან ხაზარაძე, ჯაფარიძე, სააკაშვილი და სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. მისი თქმით, ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს:
“ვინ თქვა, ვინ ჩაგვიწერა, სად თქვეს, რომ ივანიშვილი არის მთავარი ოლიგარქი? სად თქვეს, ვინ თქვა? ეს არის ტყუილი. რეზოლუცია მიიღეს თქვენ მიერ მომზადებული.”
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.
ეს აქცია რამდენიმე დღით წინ უსწრებდა საქართველოსათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირმა 24 ივნისს უნდა მიიღოს. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.