ცხოვრება სომხეთის საზღვარზე: მთავარი მნიშვნელობა თავშესაფარსა და დამცავ კედლებს ენიჭება
სომხეთის ომბუდსმენის ოფისმა JAMnews-ს თავისი ანგარიშები წარუდგინა, რომლებიც აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მდგომარეობას შეეხება. ამ დოკუმენტების მიზანი და არსი ომბუდსმენის ოფისის საგარეო კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა. ერთ-ერთი მოსაზღვრე სოფლის მამასახლისი კი აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე გვესაუბრა.
მას შემდეგ, რაც 2017 წლის ზაფხულში სომხეთის საზღვართან მდებარე სოფლებში მკვეთრად გაიზარდა ძალადობის მასშტაბები, სომხეთის ომბუდსმენმა, არმან თათოიანმა გადაწყვიტა, ამ ზონაში მცხოვრები ადამიანების პრობლემები შეესწავლა. ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატის წარმომადგენლები პერიოდულად თავუშის ოლქის სასაზღვრო სოფლებში ჩადიან იმისთვის, რათა სიტუაციას დააკვირდნენ და აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევების დამადასტურებელი მონაცემები და ფაქტები შეაგროვონ.
წელს რიგით მესამე ანგარიში გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტების მიზანია, წარმოადგინოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია მოსაზღვრე სოფლებში, მუდმივი საფრთხის ქვეშ მცხოვრები პირების უფლებების დარღვევის შესახებ. ანგარიშები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სომხეთში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს წარუდგინეს.
კერძოდ, ოქტომბერში შეიქმნა ანგარიში თავუშის ოლქის მოსაზღვრე სოფლების, ვაზაშენისა და ბარეკამავანის დაცხრილვის შესახებ.
ომბუდსმენის ოფისის საგარეო კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიკაელ ხაჩატრიანი აცხადებს: «განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ხანძარს, რომელიც სოფელ ბარეკამავანის მახლობლად გაჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასა და უახლოესი დასახლებული პუნქტების ხელმძღვანელებს გავესაუბრეთ. მათი თქმით, საძოვრებს მოდებული ხანძარი აზერბაიჯანული მხრიდან გადმოვიდა.
ამას გარდა, სკოლის შენობაზე დამიზნებით სროლის კვალიც დაფიქსირდა. ბავშვების დიდი ნაწილი სკოლაში არ დადის, რადგანაც არსებობს იმის ალბათობა, რომ სახლში საერთოდ ვერ დაბრუნდნენ. ხშირად მშობლები უარს ამბობენ შვილების სკოლაში გაშვებაზე, იმიტომ რომ სასწავლებლის შენობა სახიფათო ზონაში მდებარეობს».
ცხოვრების ნორმალური რიტმი აქ მომენტალურად ირღვევა მაშინ, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება კიდევ ერთხელ მწვავდება ხოლმე.
იმისათვის, რათა მიხვდე, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ძალიან გასცდა არაღიარებული სახელმწიფოს საზღვრებს, საკმარისია, ერთხელ მაინც მოხვდე ამ მხარეში. კონფლიქტის შედეგებს ის ადამიანები გრძნობენ, რომლებიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ.
«სროლები აქ არავის უკვირს და არავინ მიიჩნევს ახალ ამბად. ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მაგრამ წელს აზერბაიჯანის მხრიდან უფრო მეტს ისროდნენ. ჩვენი სოფლის სკოლას ხშირად ესვრიან. რა თქმა უნდა, ბავშვები სკოლაში დადიან, მაგრამ საფრთხე ყოველთვის არსებობს. ყველა ბავშვმა მშვენივრად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. როდესაც სროლის ხმა ისმის, ბავშვები ორგანიზებულად გადადიან უფრო უსაფრთხო შენობაში», – ამბობს სოფელ ვაზაშენის მამასახლისი, ლორიკ ბადირიანი.
სროლა მხოლოდ სასწავლო პროცესს არ აფერხებს.
«ბევრი ჩვენი თანასოფლელის ნაკვეთები ხელისგულივით მოჩანს მოწინააღმდეგის მხრიდან. ანუ, ეს მიწები საცეცხლე ზონაში მდებარეობს და ამ უბნებში მოსავლის აღება ძალიანაა გართულებული», – ამბობს ომბუდსმენის ოფისის თანამშრომელი, მიკაელ ხაჩატრიანი.
მის სიტყვებს სოფელ ვაზაშენის თემის თავმჯდომარეც ადასტურებს: «ბევრი ჩვენგანის ნაკვეთები აქტიურ საცეცხლე ზონაში მდებარეობს. ბევრს უბრალოდ დაავიწყდა, თუ რა არის მებაღეობა.ზოგჯერ მოსავლის აღებაზე საუბარიც არ ღირს, იმიტომ რომ სიცოცხლე ჭირნახულზე უფრო ძვირფასია. ჩვენს ნაკვეთებთან მისვლას მხოლოდ მაშინ ვახერხებთ, როდესაც აზერბაიჯანულ მხარესაც იწყებენ მოსავლის აღებას».
«ეს ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად იქცა, რომელიც იმისთვის არსებობს, რათა აზერბაიჯანელებებმა არ ისროლონ. მათი ნაკვეთები სომხური შეიარაღებული ძალებისთვის ცეცხლდაშენის ზონაში იმყოფება», – განმარტავს მიკაელ ხაჩატრიანი.
ომბუდსმენის აპარატში მიაჩნიათ, რომ მათი დაკვირვებების საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
«მონიტორინგის შედეგები საერთო წვდომის რუკაზე იქნა დატანილი. ვიზუალიზაციის გასამარტივებლად პროგრამა Google Earth-ის მეშვეობით შეიქმნა შესაბამისი მარკირებები, რომლებზეც მშვიდობიანი დასახლებული პუნქტები და ის სახლები და ნაგებობები მონიშნეს, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბერში დაბომბეს. ფაქტების შეგროვების პროცესში ომბუდსმენი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსაც რთავს ხოლმე.
ანგარიში დანიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტს, ომბუდსმენების საერთაშორისო ქსელსა და უცხო ქვეყნების დიპლომატიურ სტრუქტურებს გადავეცით. ომბუდსმენების საერთაშორისო ქსელი კარგი პლატფორმაა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის. აუცილებლობის შემთხვევაში სახალხო დამცველების საერთაშორისო ორგანიზაციას კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებაც შეუძლია», – ამბობს ხაჩატრიანი.
ომბუდსმენის აპარატი შორსაა ილუზიებისგან და არ სჯერა იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საზღვრისპირა სოფლებზე გადატანით სროლების სიხშირე და მასშტაბები შემცირდება, ან საერთოდ შეწყდება სამხედრო მოქმედებები; მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ანგარიშები მაინც რჩება სამართლებრივ დოკუმენტებად, რომლებშიც რეალური ფაქტებია წარმოდგენილი და ამ ფაქტების საფუძველზე ობიექტური სურათი ფიქსირდება.
«ამ მხრივ ომბუდსმენის ოფისი ნეიტრალური სტრუქტურაა და ამიტომ მის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და დოკუმენტები უტყუარ მტკიცებულებებად მიიჩნევა. ჩვენ მიერ დაფიქსირებული ფაქტები კი იმაზე მიუთითებს, რომ დამიზნებით სწორედ იმ მიმართულებით ისვრიან, სადაც ხალხის სიმრავლე შეინიშნება. ღამით, როგორც წესი, სახლებს იღებენ მიზანში, დღისით კი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს უმიზნებენ ხოლმე» – განმარტავს მიკაელ ხაჩატრიანი.
მისი თქმით, ბავშვების დაცვის მიზნით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უკვე მიიღეს გარკვეული ზომები: ისინი დამცავი კედლებით არიან გამიჯნულნი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის: «ჩვენ რეალური საჭიროებები შევაფასეთ და დამცავი კედლის გაფართოების ინიციატივით გამოვედით. ეს პროქტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს – თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ კედლის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში მშობლებს საკუთარი შვილების სკოლაში გაშვების შიში აღარ ექნებათ. ამას გარდა, ჩვენ თავშესაფრების რემონტის წინადადებითაც გამოვედით».
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც თავშესაფრებთან და დამცავ კედლებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციამ ომბუდმენის თხოვნას დადებითი პასუხი გასცა და მომავალ წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დამცველის წინადადებას ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. ჰუმანიტარული პრობლემების პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად მიკაელ ხაჩატრიანმა ამ საკითხის კონფიდენციალურ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ომბუდსმენის ანგარიშებში სოფლების მოსახლეობის მატერიალური დანაკარგიცაა დაფიქსირებული.
«სროლების შედეგად სახლები, ავტომობილები და სხვა მატერიალური აქტივები დაზიანდა. ეს ყველაფერი დოკუმენტებშია ასახული. თუმცა, ძნელი სათქმელია, არსებობს თუ არა მოსახლეობის მატერიალური დანაკარგების კომპენსაციის მექანიზმები. ბევრ სხვა ქვეყანაში დაზღვევის მექანიზმები არსებობს და ასეთ სახელმწიფოებში სავსებით შესაძლებელია კომპენსაციაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ ასეთი სისტემა არ გვაქვს», – დაასკვნა ხაჩატრიანმა.