სკამის ფეხის თავში დარტყმა, ცივ იატაკზე დაყენება: რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში. ომბუდსმენის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. ანგარიშის მიხედვით, აღზრდის მეთოდებში დასჯის ფორმები დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და მატრავმირებელი იყო არასრულწლოვნებისთვის.
ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე პანსიონი ობოლი ბავშვებისთვის ერთ-ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებში ეჭვებს დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა.
მოსამართლე ივანე ღლონტმა 2021 წლის 5 ივნისს დააკმაყოფილა ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” სარჩელი ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოიყვანის შესახებ.
ორგანიზაციამ სასამართლოს წარუდგინა სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც კარგად ჩანს ბავშვების სახეები. იურისტების, ანა არგანაშვილის და ანა აბაშიძის თქმით, ეს ვიდეო ადასტურებს, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.
პანსიონის მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტების შესახებ ინფორმაცია დიდი მედიაში აქამდეც აქტიურად განიხილებოდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი დახურული დაწესებულების მონიტორინგზე, სხვა სამთავრობო დეპარტამენტებთან ერთად, პანსიონში არ დაიშვებოდნენ. მიზეზი მაღალი რანგის სასულიერო პირის – სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ბრძანება იყო, რომელიც იმავდროულად ამავე პანსიონის რექტორია.
ასევე, სახალხო დამცველმა პროკურატურისგან შეიტყო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ოთხი გამოძიება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, მათ შორის – სექსუალური ძალადობის შესახებ.
ფაქტობრივად არ დარჩენილა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ამბებს არ გამოეხმაურა. ამავე დროს, იმართება საპროტესტო აქციები მთავრობის კანცელარიასთან და პროკურატურასთან. 3 ივნისს ერთ-ერთ ასეთ აქციაზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. საბოლოოდ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები პანსიონში მაინც შეუშვეს.
2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში სულ 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი 22 აღსაზრდელი განთავსდა. ნინოწმინდის პანსიონიდან ზრუნვის სხვა ფორმაში გადაყვანილი არასრულწლოვნებიდან 15 გადაყვანილია მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ხოლო 7 – მინდობით აღმზრდელ ოჯახთან.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს
სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც.
ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ასევე ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, “თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ.”
ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი
დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ
დაეფარებინათ.
● სახელმწიფოს იქ არ უშვებენ. რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
ანგარიშში წერია ისიც, რომ აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“. ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვებაც.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, არასრულწლოვნებმა ისაუბრეს
სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა.
“ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ
კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას”, – წერია ანგარიშში.
● სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონი დააჯარიმა
● “გააღე პანსიონის კარი!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა აქცია გამართეს
● სახალხო დამცველი: ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პანსიონში მცხოვრებ აღსაზრდელებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სრულფასოვან განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.
სკოლის დირექტორთან და ნინოწმინდის პანსიონის თანამშრომლებთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ პანსიონში განსაკუთრებით მწვავედ იდგა აღსაზრდელების გარე სამყაროსთან ინტეგრირების, სოციალიზაციის პრობლემაც: ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ დაწესებულებიდან დამოუკიდებლად გასვლის, თანატოლებთან თამაშისა და სხვა გასართობ აქტივობებში აღმზრდელების თანხლების
გარეშე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, არასრულწლოვნები სკოლაში არა მხოლოდ აღმზრდელთა თანხლებით მიდიოდნენ, არამედ აღმზრდელთა ნაწილი საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე იმყოფებოდა სკოლის შენობაში:
დოკუმენტის მიხედვით, ეს დამოკიდებულება “არსებითად ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა ინტერესებს, არღვევს სოციალიზაციის, თემის წევრებთან ურთიერთობის
ჩამოყალიბებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათი მომზადების მოთხოვნებს. დაწესებულებაში არსებული მკაცრი ინსტიტუციური რეჟიმი, მათ შორის, არასრულწლოვანთა
გარეთ გასვლის, თანატოლებთან კომუნიკაციის შესახებ.”
რა ხდება დღეს პანსიონში
სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა. ნინო ლომჯარია მოითხოვს, რომ დაჩქარებულ ვადებში შემუშავდეს და დამტკიცდეს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და გეგმა.
“მართალია, სახალხო დამცველის რწმუნებულებს და საზოგადოებას აცნობეს, რომ პანსიონიდან ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო გაყვანილი, თუმცა, იმ პერიოდში დაწესებულებაში კვლავ ირიცხებოდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი ზრუნვის სხვა ფორმაში მხოლოდ 2021 წლის 24 სექტემბერს გადაიყვანეს, ხოლო მეორე კვლავ პანსიონში ცხოვრობს. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ დაწესებულებაში მცხოვრები არაერთი არასრულწლოვნის დოკუმენტაციაში პირდაპირ არის აღნიშნული ფსიქოლოგის, ხოლო ერთ შემთხვევაში, ფსიქიატრის ჩართულობის საჭიროება, რაც სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგი თავად პანსიონის ხელმძღვანელობამ მოიძია, რომელიც ერთი თვის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა დაწესებულებაში”, – წერია ანგარიშში.