"გააღე პანსიონის კარი!" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა აქცია გამართეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლა მოითხოვეს.
_____________________________________
● სახელმწიფოს იქ არ უშვებენ. რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
___________________________________
აქციის პარალელურად ულტრანაციონალისტურმა ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პლაკატები მიიტანა და კანცელარიასთან მყოფებისთვის ხელის შეშლა სცადა. კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიული იყო, პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.
ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე პანსიონი ობოლი ბავშვებისთვის ერთ-ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებში ეჭვებს იწვევს.
საპატრიარქოს კუთვნილმა პანსიონმა კარი ოფიციალურად მიუხურა არა მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტებს, არამედ სოციალურ მუშაკებსაც.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების განცხადებით, მათ პანსიონში მონიტორინგის ჩატარებაზე უარი მიიღეს. მიზეზი მაღალი რანგის სასულიერო პირის – სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ბრძანება იყო, რომელიც იმავდროულად ამავე პანსიონის რექტორია.
თვით მეუფემ, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა, თავისი უარი შემდეგნაირად განმარტა:
”ეს ის ხალხია, ვინც ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ასეთი ადამიანები არ უნდა შეუშვან ბავშვთა სახლში, ან საერთოდ არც ერთ ოჯახში.”
სამოქალაქო აქტივისტებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შეადგინეს.
“სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა და მათ მიერ მონიტორინგის განხორციელება. პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ პრობლემის სწრაფად გადაჭრაში. დააყენოს ეს საკითხი დღის წესრიგში და მოუწოდოს მთავრობას სწრაფი მოქმედებისკენ და შესაბამისად დაიცვას იქ მყოფი ბავშვების უფლებები. მოხდეს მათთან ინდივიდუალური გასაუბრება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება.
კანონის შესაბამისად დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში”, – აღნიშნულია პეტიციაში.
ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს აპრილში მიმართა. გაერომ 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახალხო დამცველის მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია.
________________________________
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
● კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
____________________________________
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონში შეუშვეს პრორუსული მედია “ალტინფო” და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია. დღეს კი პანსიონში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა ეპისკოპოსმა, სერაფიმე ჯოჯუამ აღავლინა წირვა.
სერაფიმე ჯოჯუას 2017 წელს ერთ-ერთი ოჯახი გოგოზე სექსუალური შინაარსის ძალადობაში ადანაშაულებდა.