ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს
პარტია “დროას” ლიდერი, ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
„გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის…
მე ველოდები ექიმს. რეაბილიტიაციის ეტაპი არის მნიშვნელოვანი. ასევე, ველოდები სააკაშვილის გადაყვანის ფაქტს. ველოდები ექიმს და გავყვები მის რჩევებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე, რომელიც მას შემდეგ გამართა, რაც იუსტიციის სამინისტროს პოზიცია გახდა ცნობილი.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ, პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.
დღეს, 19 ნოემბერს, მისი შიმშილობის მე-19 დღეა. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას უკვე უჭირდა გადაადგილება და ეტლი დასჭირდა.
დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, მან თქვა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა და წყვეტდა კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ მედიკამეტოზურ მკურნალობასაც.
დღესვე გავრცელდა მისი დედის, ირინა გუნცაძის მიმართვა ხელისუფლებისადმი:
„თქვენ არ გაქვთ უფლება, საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს მივმართავ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები… დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ “მაუზერი”, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ მე კიდევ მაქვს თქვენი იმედი, რომ გონს მოხვალთ. პატარა ნაპერწკლით მჯერა… ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ, თქვენ არ გაქვთ უფლება, მოაწყოთ 1937 წელი”, – მიმართა ირინა გუნცაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ეს ელენე ხოშტარიას დედის პირველი გამოჩენა საჯაროდ და პირველი კომენტარი იყო.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 50-ე დღეა შიმშილობს, დღეს იუსტიციის სამინისტრომ გორის ჰოსპიტალში შესთავაზა გადაყვანა. ამას წინ უსწრებდა მისი მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება – გუშინ, სააკაშვილმა, გლდანის ციხის საავადმყოფოში გონება დაკარგა.
მინისტრის შეთავაზებიდან ორი საათი გავიდა. სააკაშვილი ჯერ ისევ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე (რუსთავის ციხიდან მოტყუებით გადმოყვანა), მიხეილ სააკაშვილი გადაყვანას თანმხლები პირების, მისი ადვოკატების გარეშე, არ დასთანხმდება.
პარალელურად, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში, არ დასრულდება მასშტაბური აქცია, რომელიც ამ წუთებში საქართველოს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარეობს.