ცხინვალში დაკავებული გენადი ბესტაევი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული გენადი ბესტაევი, ინსულტის დიაგნოზით, ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ბესტაევის და ხელისუფლებას მიმართავს და მისი ძმის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას მოითხოვს.
“ჩემი მოთხოვნაა, დამეხმარონ. ერთადერთი ძმა დამრჩა და იმასაც მიწისთვის იმეტებენ. წითელი ჯვარი თუ შეიძლება, დამეხმაროს, მე არაფერი შემიძლია”, – ამბობს ის.
განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ცხელი ხაზის მეშვეობით, მუდმივ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ.
“მისი გადმოყვანის პროცესში ჩართულია ჟენევის თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოხდეს მისი სწრაფი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – აცხადებენ უწყებაში.
● თბილისი: “მზად ვართ არაფორმალური დიალოგისთვის”. სოხუმი: “დიალოგი არ შედგება”
● ანატოლი ბიბილოვი: ოსი ხალხი მსოფლიო თანამეგობრობისგან სიმართლეს ითხოვს
● გამოკითხვა: ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა 2019 წელს დააკავეს, მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დარღვევას და ნარკოტიკის კონტრაბანდას ედავება. ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში.
როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.
ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა.
რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.