აქციები სახელმწიფო შენობებთან და 40-ზე მეტი დაკავებული. თბილისში პროტესტები გრძელდება
დღეს თბილისში ოპოზიციის 3 აქცია ერთდროულად გაიმართა – სუს-თან, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან. ოპოზიციის აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 მოქალაქე დააკავა. შენობებთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ.
როგორც დაკავებების შემდეგ შსს-მ განმარტა, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.
თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ. პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაკავების მიზეზებს არ უხსნიდნენ. მათ ხელს კიდებენ და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამდნენ. ადამიანებს იმ დროსაც აკავებდნენ, როცა ისინი ჟურნალისტებთან კამერების წინ ლაპარაკობდნენ.
პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც ათეულობით პროტესტანტი – მათ შორის პოლიტიკოსები – ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. პოლიციამ ადგილზე მიზეზად დაასახელა ის, რომ სახელმწიფო შენობების პიკეტირება დაუშვებელია.
მთაწმინდის პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ შეკრებილები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა, აქციაზე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რასაც კამერების ჩანაწერები და აქციის მონაწილეთა განცხადებებიც ადასტურებს.
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
დღევანდელ დაკავებებზე კომენტარი გააკეთეს ოპოზიციონერმა ლიდერებმაც. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ეს არის ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს.
“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ! აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ”, – წერს ნიკა მელია.
ხოლო ელენე ხოშტარიას თქმით, რომელიც უკვე მერვე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ დაკავებულთა წარმოუდგენლად დიდი სია ხელისუფლების ისტერიკაზე მეტყველებს.
მისი თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს ამ მშვიდობიან, თუმცა შეუპოვარ ბრძოლას სხვადასხვა ლოკაციაზე რეჟიმისთვის დისკომფორტის შექმნით, რაც საბოლოო შედეგს აუცილებლად მოიტანს.
“ქართული ოცნება მშვიდობიანი მოქალაქეების ქუჩაში დაკავებით ბელორუსისა და რუსეთის რეჟიმს უახლოვდება”, – ამბობს ხოშტარია
● სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა
● კელი დეგნანი: მთავრობამ უზრუნველყოს, რომ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმებისა და ადვოკატებისთვის, რის გამოც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას. ამას არც თავად ყოფილი პრეზიდენტი თანხმდებოდა.
ექიმთა კონსილიუმი, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, ქართველი ხელოვანები და სხვა, არაერთი ადამიანი, ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას სთხოვდა.
ამ მოთხოვნით პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო. ხელისუფლება კი ჯიუტად იმეორებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პატიმარს მხოლოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში 8 ნოემბერს, საღამოს გადაიყვანეს.
სააკაშვილის გადაყვანის შესახებ უწყებას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არც პრეზიდენტის ოჯახს ჰქონდა.
სად და როგორ გადაიყვანეს პატიმარი ექს-პრეზიდენტი, რომელსაც 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო უცნობი.
ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.