სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა, 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება პროცესებს, ექსპრეზიდენტის დაკავებას და მის მიმართ მოპყრობას, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის შეშფოთებას სააკაშვილის საპატიმრო პირობებზე.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის და ჯანმრთელობისთვის საჭირო სამედიცინო პირობების შესაქმნელად. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ სააკაშვილს მოეპყრონ სამართლიანად, ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან და მიაწოდოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და კერძო სამედიცინო ინფორმაცია არ გაასაჯაროოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით”, – აღნიშნა პრაისმა.
დღეს განცხადება გააკეთა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმაც, რომელმაც მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში.
ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე განმარტებით, ისინი შეშფოთებული არიან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმებისა და ადვოკატებისთვის, რის გამოც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას. ამას არც თავად ყოფილი პრეზიდენტი თანხმდებოდა.
ექიმთა კონსილიუმი, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, ქართველი ხელოვანები და სხვა, არაერთი ადამიანი, ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას სთხოვდა.
ამ მოთხოვნით პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო. ხელისუფლება კი ჯიუტად იმეორებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პატიმარს მხოლოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში 8 ნოემბერს, საღამოს გადაიყვანეს.
სააკაშვილის გადაყვანის შესახებ უწყებას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არც პრეზიდენტის ოჯახს ჰქონდა.
სად და როგორ გადაიყვანეს პატიმარი ექს-პრეზიდენტი, რომელსაც 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო უცნობი.
ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „პროტესტი იქნება მტკიცე, ხალხმრავალი, უწყვეტი და მშვიდობიანი“ და ის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ოპოზიცია საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევს.