სააკაშვილი, სასამართლო და პანდემია - რა თქვა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და სხვა საკითხებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებაც ისაუბრა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის თავისი განცხადების ერთგული რჩება და მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს. პრეზიდენტმა ისაუბრა კორონაპანდემიის შესახებაც და თქვა, რომ სავალდებულოა აცრა რისკ-ჯგუფებისთვის და სავალდებულოა კოვიდპასპორტები, მან ასევე მოუწოდა სამღვდელოებას, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. არჩევნების შესახებ კი, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდა თავისუფლად და დარევების გარეშე.
სააკაშვილის შესახებ
დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა:
“პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის სპექტრის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.
ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი მსჯავრდებულია, ორ საქმეზე კი ბრალდებული.
ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის N12 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო. ადვოკატები ითხოვენ, რომ მოშიმშილე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ციხის საავადმყოფოში არც მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემო ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
ციხის საავადმყოფოში გადასვლას არც თავად სააკაშვილი თანხმდება. ამ დრომდე, იგი კატეგორიულ უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზეც.
სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ
პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ეპიდვითარების გაუარესების ფონზე მკაცრი და სასწრაფო ზომები მიიღონ. სალომე ზურაბიშვილმა კოვიდთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და მათ შორის საპატრიარქოს აცრის კურთხევის მიცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.
ზურაბიშვილიმა მიმართა ხელისუფლებასაც:
“მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იყოს მიღებული – სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.”
მისივე თქმით, არის პასუხისმგებლობა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. ასევე, პასუხისმგებლობაა იმ მოქალაქეების, ვინც პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებისაც, ასევე პარტიებს, რომლებიც მრავალრიცხოვან აქციებს მართავენ.
გუშინ ამირან გამყრელიძე თქვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა და ის უნდა ჩამოწერონ.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა.
თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 3 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება.
3 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.6 %; სრულად ვაქცინირებულია 944 520 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.1%. გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანობაში აიცრა 3 868 ადამიანი.
არჩევნების შესახებ
“არჩევნები დასრულდა, თუმცა, რეალურად, თავი გამარჯვებულად არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება, ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სასამართლოს შესახებ
პრეზიდენტმა ისაუბრა 31 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 მოქმედი წევრის სხვა მოსამართლეების ჩანაცვლების შესახებაც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს.
მისვე განმარტებით, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე.
“როცა ვიცით, რა სიმბოლური ადგილი უჭირავს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით და რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა.
მზად ვარ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას, ვინც ამაზე თანხმდება და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ.
ასევე, მზად ვარ, ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას“, – თქვა პრეზიდენტმა.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
მათ ამ პოზიციაზე თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასვლიათ, თუმცა, მათ თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
ამ ფაქტზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში და ევროკავშირის წარმომდაგნელობამ განაცხადეს, რომ მსგავსი დანიშვნებით იმედგაცრუებულები არიან.