მეორე ტური: ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქუჩის პროტესტისთვის ემზადება
ოპოზიცია არ აღიარებს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და დღეს თბილისის ცენტრში თავის მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციის მიტინგი დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართება. შეკრებულებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. ამის შესახებ პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მელიამ თქვა, რომ ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.
30 ოქტომბერს საქართველოს ხუთ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ასევე 24 მაჟორიტარულ ოლქში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ.
ყველგან “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გარდა წალენჯიხისა. წალენჯიხის მერი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გახდა. უმეტეს მუნიციპალიტეტში “ოცნებამ” მცირე უპირატესობით გაიმარჯვა – 1-2 პროცენტით, ზოგან 1 პროცენტზე ნაკლებით. ყველაზე მკვეთრი უპირატესობა “ოცნებას” დედაქლაქში ჰქონდა – მოქმედმა მერმა კახა კალაძემ ათ პროცენტზე მეტით მოუგო ოპოზიციის კანდიდატს.
თბილისი
* ნიკა მელია (“ნაციონალური მოძრაობა”) – 44.39%
* კახა კალაძე (“ქართული ოცნება”) – 55.60%,
ქუთაისი
* ხატია დეკანოიძე (“ნაციონალური მოძრაობა”) – 48,36% (32703 ხმა)
* იოსები ხახალეიშვილი (“ქართული ოცნება”) – 51,64% (34925 ხმა)
ბათუმი
* გიორგი კირთაძე (“ნაციონალური მოძრაობა”)-48,98% (36710 ხმა)
* არჩილ ჩიქოვანი (“ქართული ოცნება”)- 51,01% (38236 ხმა)
რუსთავი
* დავით კირკიტაძე (“ნაციონალური მოძრაობა”) – 46,28% (23 523 ხმა);
* ნინო ლაცაბიძე (“ქართული ოცნება”) – 53,72% (27 301 ხმა).
ფოთი
* გიგი უგულავა (“ნაციონალური მოძრაობა”) – 42,65% (8437 ხმა);
* ბექა ვაჭარაძე (“ქართული ოცნება”) – 57,35% (11 345 ხმა).
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს – სულ 42 მაჟორიტარი უნდა აერჩიათ და მხოლოდ 14 მაჟორიტარი აირჩიეს ოპოზიციიდან. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, რადგან მათი თქმით, ადგილო ჰქონდა მოსყიდვას, დაშინებას და სხვა სახის გაყალბებს.
ამას ადასტურებენ დამკვირვებლებიც – გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე პროცედურული დარღვევების გარდა, ამომრჩევლის ნების კონტროლიც დაფიქსირდა.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ამ და სხვა სახის დარღვევებს შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. “არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე,” – აღნიშნა დოლიძემ.
ოპოზიცია აპირებს ბრძოლას, მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ბრძოლა, ჯერჯერობით უცნობია.
“გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო – ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები,” – აღნიშნა ნიკა მელიამ. მისი თქმით, ეს ბრძოლა მშვიდობიანი პროტესტი იქნება: “საქართველოს არცერთი თავმოყვარე მოქალაქე, იმ ყველაფერთან შეგუებას რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი არ აპირებს და აპირებს ძალიან მტკიცე, ურყევ, მშვიდობიანად ბრძოლას“, – განაცხადა მელიამ.
31 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიებიც, რომლებმაც მეორე ტურამდე “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციის შექმნა გამოაცხადეს – “ლელო, “დროა” და “ევროპული საქართველო”. თუმცა, დარჩება თუ არა ოპოზიცია ერთიანი, თუკი ქუჩის აქციები დაანონსდა, უცნობია.
მაგალითად, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ოპოზიციამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, რათა ისინი პროტესტს შეუერთდნენ.