სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონი დააჯარიმა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონი არასრულწლოვანთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
ამასთან ერთად, მათ განცხადებაში წერია, რომ შემოწმების პროცესში პანსიონატმა არ ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.
უწყებამ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ფეისბუქის საშუალებით გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა და დაადგინა, რომ რომ 2021 წლის 4 ივნისს, პანსიონატის ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა თავის პირად Facebook გვერდზე, ლაივ რეჟიმში, საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახული იყვნენ პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. ჩანაწერებში მთლიანად შესაძლებელი იყო არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.
ქალაქ ნინოწმინდაში მდებარე პანსიონი ობოლი ბავშვებისთვის ერთ-ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებში ეჭვებს იწვევს.
მოსამართლე ივანე ღლონტმა 5 ივნისს დააკმაყოფილა ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” სარჩელი და ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ – ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ.
ორგანიზაციამ სასამართლოს წარუდგინა სხალთელი მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც კარგად ჩანს ბავშვების სახეები.
იურისტების, ანა არგანაშვილის და ანა აბაშიძის თქმით, ეს ვიდეო ადასტურებს, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.
პანსიონის მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია მედიაში აქტიურად განიხილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი დახურული დაწესებულების მონიტორინგზე, სხვა სამთავრობო დეპარტამენტებთან ერთად, პანსიონში არ დაიშვებიან.
მიზეზი მაღალი რანგის სასულიერო პირის – სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ბრძანება იყო, რომელიც იმავდროულად ამავე პანსიონის რექტორია.
თვით მეუფემ, რომელმაც ვიდეომიმართვა ჩაწერა, თავისი უარი შემდეგნაირად განმარტა:”ეს ის ხალხია, ვინც ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.“
ასევე, სახალხო დამცველმა პროკურატურისგან შეიტყო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ოთხი გამოძიება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე, მათ შორის – სექსუალური ძალადობის შესახებ.
ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი შემოწმება დაიწყო. ამჯერად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-1 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანების მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ფაქტობრივად არ დარჩენილა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ამბებს არ გამოეხმაურა. ამავე დროს, იმართება საპროტესტო აქციები მთავრობის კანცელარიასთან და პროკურატურასთან. 3 ივნისს ერთ-ერთ ასეთ აქციაზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.
სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე განმარტა, რომ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. „ბულინგის“ (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს.
_____________________________________________________________
● სახელმწიფოს იქ არ უშვებენ. რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
● სახალხო დამცველი: ნინოწმინდის პანსიონზე გამოძიება გაუპატიურების მუხლითაც მიმდინარეობს
● “გააღე პანსიონის კარი!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა აქცია გამართეს
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
● კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან