ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დაზარალებული 53 რეპორტიორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ მხოლოდ სამი პირი დააკავა ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით. მაშინ, როდესაც, ამავე უწყების ცნობით, ძალადობრივ აქციაზე სულ 53 ჟურნალისტი დაშავდა.
დაკავებულებს მთავარი არხის“, „ტაბულასა“ და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდასხმასა (126-ე მუხლი) და მათთვის მუშაობაში ხელშეშლას ედავებიან (154-ე მუხლი).
ფიზიკური დაზიანებები ჟურნალისტებმა გუშინ, 5 ივლისს მიიღეს. ისინი ჰომოფობიური ჯგუფების ორგანიზებულ, პრაიდის საწინააღმდეგო აქციას აშუქებდნენ.
დაშავებული რეპორტიორების უმეტესობას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ნაწილი ამ დრომდე რჩება კლინიკაში. ორ დაშავებულს, “პალიტრა ნიუსისა” და “ტვ პირველის” ოპერატორს ,ოპერაცია გაუკეთეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახიას თქმით, მათ სახის ძვლების მოტეხილობა, თვალ-გუგის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა ჰქონდათ.
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
- ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
- პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
მძიმე დაზიანებები აქვთ სხვებსაც.
პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს, უცნობი სითხის შესხმის შედეგად, თვალების ქიმიური დამწვრობა აქვს.
“ფორმულას” ნაცემი ფოტოგრაფი ვახო ქარელი მომხდარს კარგად ვერ იხსენებს. ექიმები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ამნეზია იყოს.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას ცხვირი აქვს გატეხილი და კბილები ჩამსხვრეული. თავზე ჰემატომა აქვს ამავე მედიის ოპერატორს დათო ქორიძეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მუშაობაში ხელშეშლის საქმეზე საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. უკვე გამოკითხულია 25 რეპორტიორი. სწავლობენ ვიდეომასალებს.
- თბილისში პრაიდის კვირეული გაიხსნა. პირველმა დღემ კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა
- რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
- როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
ჟურნალისტებს თავდასხმებს გამოეხმაურა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) შეშფოთება გამოთქვა თბილისში ძალადობის, ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო და აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიებას მოითხოვა.
იგივე შინაარსით გუშინვე გაავრცელეს განცხადებები „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა”, “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ“ და Amnesty International-მა.
“საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო ლგბტ აქტივისტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“,- განაცხადა Amnesty International- ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დენის კრივოშეევმა.
საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მზად არიან დაზარალებული რეპორტიორების ინტერესები სასამართლოში დაიცვან.
დღეს, 6 ივლისს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორსა და მარნეულში, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. მათ დაგმეს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტოს კრიმინალის წახალისება და მხარდაჭერა.
- საქართველოს პრეზიდენტი: ყველას აქვს მარშზე გამოსვლის უფლება, ძალადობა მიუღებელია
- ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები
- “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა” – ტრანსგენდერი ადამიანების ისტორიები
1-დან 5 ივლისამდე, საქართველოს დედაქალაქში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, პრაიდის კვირეული იმართებოდა. 1 ივლისს ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა. 3 ივლისს ქვიარ ფესტივალი შედგა. 5 ივლისს კი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო.
თუმცა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ სადაც ქვიარ თემსა და მათ მხარდამჭერებს, „Tbilisi Pride”-ის კულმინაცია, „ღირსების მარში“ უნდა გაემართათ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდნენ.
სიტუაცია, პრაქტიკულად, უმართავი იყო. ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ მოვლენებს, ერთხმად აცხადებენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს. იმისათვის, რომ აგრესიული ჯგუფების სამიზნეები არ გამხდარიყვნენ, ჟურნალისტები მალავდნენ იმ ატრიბუტიკას, რაც მათ იდენტიფიცირებას ახდენდა: იხსნიდნენ პრესის ე.წ. ბეჯებს, იხდიდნენ მაისურებსა და ჟილეტებს, რომელსაც ეწერა PRESS.
დღის მეორე ნახევარში, როდესაც ვითარება სრულიად უკონტოროლო იყო, „მთავარი არხისა“ და „პალიტრანიუსის“ მედია მენეჯერებმა თავიანთ გადამღებ ჯგუფებს ტერიტორია დაატოვებინეს. ონლაინგამოცემები ამბობენ, რომ მათ თავიანთ თანამშრომლებს მოუწოდეს, მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტიკის გარეშე ემუშავათ, ფოტოკამერები კი დაემალათ.
სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ ეს იყო მიზანმიმართული, წახალისებული ნადირობა მედიაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადება მთავარი წამქეზებელი შინაარსის იყო, დღეს თქვა, რომ „გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმას“.