"არა ნამახვანჰესს!" რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
“ნამახვანი ჰესი” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში იგი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი იქნება.
თუმცა, გარემოსდამცველებს და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ. ისინი შიშობენ, რომ მასშტაბური ჰესი საფრთხეს შეუქმნის პატარა ხეობას, შექმნის სეისმურ საფრთხეს, შეცვლის მიკროკლიმატს, დააზიანებს უნიკალურ ვაზის ჯიშებსა და ღვინის წარმოებას.
ხელისუფლება კი, რომელიც აღნიშნული პროექტის მთავარი ლობისტია, ირწმუნება, რომ საფრთხეები გაზვიადებულია და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე საქართველოს რამდენიმე წელიწადში სერიოზული პრობლემები ელის ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
“ჩემი სოფელი აღარ იქნება”
ნახევარ წელზე მეტია, დასავლეთ საქართველოში, რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანთან ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოსდამცველების და ახალგაზრდა აქტივისტების პროტესტი გრძელდება – ისინი 24 საათიან რეჟიმში მორიგეობდნენ, რათა ხელი შეეშალათ თურქული კომპანიისთვის, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას იწყებდა.
____________________________________________________________________________
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
● ხმაური და დაკავებები რიონის ხეობაში: ნამახვანჰესის მშენებლობა განახლდა
● პოლიციამ სოფელ გუმათთან რკინის ბარიკადები აღმართა. რა ხდება რიონის ხეობაში
___________________________________________________________________________
სოფელ ნამოხვანთან კარვები იყო გაშლილი. აპრილში, პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ, პროტესტმა მხოლოდ ადგილი შეიცვალა – რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, სოფელ გუმათში გადაინაცვლა.
23 მაისიდან კი აქტივისტები უკვე დედაქალაქში ინაცვლებენ. რიონის ხეობის მცველები, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, ბრძოლას უკვე თბილისში აპირებენ და სანამ ხელისუფლება უარს არ იტყვის ნამოხვანში ჰესის მშენებლობის პროექტზე, არ დაიშლებიან.
“ჩემი სოფელი იმ არეალში მდებარეობს, რომელიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში უშუალოდ დატბორვას ექვემდებარება”, – ჰყვება 50 წლის მაკა სულაძე, რიონის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მცველი. ის სხვა აქტივისტებთან ერთად სოფელ ნამოხვანში, კარავში 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა.
მაკა იხსენებს, რომ ხეობის მოსახლეობას კომუნისტების დროიდან მოყოლებული ეშინია გასახლების, 2009 წლიდან კი, უფრო აქტიურად დაიწყო საუბრები, რომ ნამახვანჰესი აშენდებოდა:
“2009 წლიდან, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ჩემოდნებზე ვცხოვრობდით… სულ გვქონდა განცდა, რომ აქ კი დავიბადეთ, მაგრამ სად მოვკვდებოდით, არ ვიცოდით… “
ის იხსენებს, რომ 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნება” ოპოზიციაში იყო და ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოდა, ამ კოალიციის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას პირდებოდნენ, რომ ჰესი არ აშენდებოდა:
“ქართული ოცნების” იმედი გვქონდა ყველას… მათ პირდაპირ ეწერათ პროგრამაში, რომ დიდი ჰესების მშენებლობას არ უჭერდნენ მხარს,” – ამბობს სულაძე.
თუმცა, დღეს, მისი თქმით, სოფლის გაუჩინარება რეალობაა, როგორც არასდროს.
ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრებმა 300-მდე ოჯახმა, მაკას თანასოფლელების ჩათვლით, უკვე თანხმობა განაცხადა კომპენსაციის მიღებაზე და ხეობის დატოვებაზე.
ადგილობრივების მეორე ნაწილი კი ხეობის დათმობას არ აპირებს.
“ისტორიული პროექტი”. მომხრეთა არგუმენტები
თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდება, ის იქნება ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარია და მას თურქული კომპანია შპს „ენკა რინიუებლზ“ (Enka Renewables) ააშენებს.
ჰესის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში იგეგმება.
ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს – ტვიში-ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომლის სიმაღლე 60 მეტრი იქნება და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 111 მეტრი იქნება. საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი. წლიური გამომუშავება 1500 გგვტ.სთ, რაც კომპანია “ენკას” გათვლით, წლიური მოხმარების 12 პროცენტს მიაღწევს.
ნამახვანის ჰესის მშენებლობა და მართვა მთლიანად იქნება Enka Renewables პრეროგატივა. ამ კომპანიის 90 პროცენტი ეკუთვნის დიდ თურქულ კომპანიას, ENKA- ს. სწორედ ENKA არის პროექტის გენერალური კონტრაქტორი და მთავარი ინვესტორი. დანარჩენი 10 პროცენტი ნორვეგიული კომპანია Clean Energy Group-ის მფლობელობაშია.
მთავრობა ამბობს, რომ ეს არის “ისტორიული პროექტი”, რომელიც ქვეყანას 800 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციას მოუტანს, ქვეყანას უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელს გახდის და ორი ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის:
„რაც ყველაზე მთავარია, ესაა საქართველოს 2 ათასამდე მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ისინი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეები იქნებიან. ჩვენ ცალსახად გვერდში დავუდგებით ამ პროექტს,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
მინისტრი ამბობს, რომ ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე, რამდენიმე წელიწადში საქართველო სრულად იქნება დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და ვერ გახდება ენერგოდამოუკიდებელი.
თურნავას თქმით, უკვე დღეს საქართველოში ენერგორესურსების 35 პროცენტზე მეტი იმპორტირებულია, ხოლო მომდევნო ათი წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში ენერგიის მოხმარება გაორმაგდება (არსებული პროგნოზით, 2030 წლისთვის ენერგომოხმარება თითქმის გაორმაგდება – 13 მლრდ კვტ-სთ-დან 24 მლრდ-ს მიაღწევს), ქვეყანას ელექტროენერგიის მინიმუმ ნახევრის იმპორტი მოუწევს.
ჰესის მშენებლობის მომხრეები ასევე ამბობენ, რომ ენერგორესურსების ჭარბი იმპორტის შემთხვევაში საქართველოდან მოხდება ასეულობით მლნ ლარის გადინება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკის სასარგებლოდ:
„მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს ამ მიზნით ქვეყნიდან გავიდა 200 მლნ დოლარამდე თანხა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკას, დასაქმებას და ბიუჯეტებს მოხმარდა და არა ჩვენსა“, – განაცხადა თურნავამ.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობის საკითხი, გასული საუკუნის 80 წლებიდან მოყოლებული, ტრადიციულად, “ემოციისა და ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობს”, რაც, მისი თქმით, ხელოვნურად მართული პროცესი იყო გარეშე ძალებისგან:
“როდემდე უნ და ვიყოთ დამოკიდებული იმ მეზობელი ქვეყნების ახირებებზე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით ხდება გადაწყვეტილებების მიღება?! თუ ნამდვილი დამოუკიდებლობა გვინდა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს – წყალს – ეფექტიანად და გონივრულად უნდა ვიყენებდეთ”.
მისი თქმით, საკითხი არ უნდა იდგეს “გვინდა თუ არა ჰესები” – არამედ, უნდა ხდებოდეს მსჯელობა, როგორ ავაშენოთ ჰესების უფრო უსაფრთხოდ.
“მსჯელობა ჰესების არაშენებაზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია,” – ამბობს ის.
საქართველო და ჰესები
საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებით არის დაფარული, ამიტომ აქაურობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის მოსახერხებელ ადგილად მიიჩნევა, საქართველო კი, წყლის რესურსით მდიდარ ქვეყნად.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჰესების მშენებლობა აქტუალური და ამავე დროს პრობლემატური საკითხია. ჰესის მშენებლობის თითქმის ყველა პროექტს მასშტაბური აქციები, ადგილობრივი მოსახლეობის და გარემოსდამცველების პროტესტი ახლავს თან.
ჰესის ნებისმიერი პროექტი – როგორი გამართულიც არ უნდა იყოს ის – გარემოზე ზემოქმედებს და ხშირად ადამიანურ ტრაგედიებთანაა დაკავშირებული: იტბორება დიდი ტერიტორიები, ხდება საჭირო ადამიანების გასახლება – ხალხი ტოვებს მამა-პაპისეულ სახლებს, წინაპართა საფლავებს.
ამ ყველაფრის საპირწონედ კი, დგას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, შესაბამისად, საქართველოში წლებია მიმდინარეობს დავა ჰესების მშენებლობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
ჰესების მშენებლობის ბუმი კომუნისტურ ეპოქაში დაიწყო. 1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მდინარე ენგურზე 251 მეტრი სიმაღლის კაშხალი ააშენა, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე დიდი ჰესია და ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა ქვეყნისთვის.
ამჟამად საქართველოში ელექტროენერგიას 86 ჰიდროელექტროსადგური, 5 თბოელექტროსადგური და ქარის 1 სადგური აწარმოებს.
ამ ეტაპზე ჰესები სრულად ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 12157 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. აქედან 11159.8 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია ქვეყანამ თავად გამოიმუშავა (8248.2 მლნ. კვტ/სთ ჰესებმა; 2820.8 მლნ. კვტ/სთ კი, თბოელექტროსადგურებმა), ხოლო 1610.1 მლნ. კვტ/სთ იმპორტირებული იყო.
საქართველოს ენერგოსისტემას ენერგიის მოხმარებისა და გენერაციის სეზონურობა ახასიათებს – ზაფხულში მოხმარება შედარებით დაბალია, გენერაცია კი, პირიქით – მაღალი. ამიტომ, ზაფხულში საქართველოს აქვს საშუალება ელექტროენერგია გაყიდოს.
____________________________________________________________________________
● ენერგეტიკა პროტესტის ფონზე – რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს რეგიონებში ჰესების მშენებლობას?
● საქართველო – გაზპრომი. გაურკვევლობის ერთი წელიწადი
● „გაზპრომი“ და მისი ნათესავები
____________________________________________________________________________
ზამთარში, როდესაც მდინარეებში წყლის დონე იკლებს, მოხმარება კი იზრდება, საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს. იმპორტი ხორციელდება ძირითადად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.
2020 წელს, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტმა ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია და მთლიანი იმპორტის თითქმის ნახევარი შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი არასტაბილური პარტნიორია და ხშირად ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ქვეყნის მზარდი დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე სახიფათოა, მიიჩნევენ ექსპერტები.
ენერგოდეფიციტის შევსებას საქართველოს ხელისუფლება ახალი პროექტებით ცდილობს.
მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისა და რიგი ექსპერტების გათვლით, სწორედ ნამახვანჰესი უნდა იყოს პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
საშიში კაშხალი. მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
პირველი და მთავარი საფრთხე, რომელსაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ასახელებენ, არის უსაფრთხოება.
”ეს არის სიკვდილის კაშხალი. კაშხალი აშენდება ქალაქის და დასახლებული პუნქტების თავზე, რიონის ხეობის დიდი ნაწილი დაიტბორება”, – ამბობს მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” ლიდერი, 28 წლის ვარლამ გოლეთიანმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, რეგიონის ბევრი სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია, ჰესის აშენების შემდეგ კი, ამ სოფლების მოსახლეობა ეკომინგრანტად გადაიქცევა.
ამ შიშებს იზიარებს ზოგიერთი გარემოსდამცველი.
ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ მასშტაბური პროექტის გავლენა გარემოზე სათანადოდ არ არის შესწავლილი და პოტენციურად ეს გავლენა შესაძლოა კრიტიკული იყოს.
“ნამახვანჰესის საქმეში რაღაც კვლევები დევს, რაზეც ირწმუნებიან, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით არის ჩატარებული, სინამდვილეში ბუტაფორიაა, ფორმალური სახე აქვს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ნებართვებამდე, ხელშეკრულებაც გაფორმებული ჰქონდათ და მიწებიც გადაცემული იყო,” – ამბობს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.
გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში, რომელიც მოამზადა სააგენტო «Gamma Consulting», წერია, რომ მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელებას შეეწირება დიდი რაოდენობით სახნავ-სათესი მიწები, ხუთი სოფელი აღმოჩნდება წყალქვეშ და საერთო ჯამში სამასამდე ოჯახის გადასახლებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, ეკოლოგების მტკიცებით, პროექტს თან ახლავს სერიოზული სეისმური რისკები. ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ექსპერტების აზრით, ნამახვანი ვერ გაუძლებს ხუთბალიან მიწისძვრასაც კი, მაშინ როცა ეს არის სეისმურად არამდგრადი რეგიონი, სადაც 1991 წელს 7 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა მთავრობას სპეციალური წერილითაც მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰესების კასკადზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში “გეოტექნიკური კვლევების კუთხით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.”
ინსტიტუტის თანამშრომლებმა კომპიუტერული მოდელირებული სცენარიც კი მოამზადეს, სადაც ჩანს, თუ რა მოხდება, თუკი ქვედა ნამახვანის 105 მეტრიან კაშხალს მიწისძვრა დაანგრევს – გარემოს დამცველების გამოთვლით, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს, ქუთაისს 19 წუთში 34 მეტრის ტალღა გადაუვლის. თუმცა, იქვე ინსტიტუტის თანამშრომლები წერენ, რომ მოდელირება განხორციელდა არასრული მონაცემების საფუძველზე და ზუსტი არ არის.
ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიამ, რომელმაც ნამოხვანჰესის აშენების ნებართვა მიიღო, 2015 წელს საქართველოში კიდევ ერთი ჰესის – შუახევი-ჰესის აშენებაში ჩადო 400 მილიონი ევრო, თუმცა ამუშავებიდან 2 თვეში ეს ჰესი დაინგრა.
“შუახევი-ჰესის აღდგენას დამატებით 200 მილიონი ევრო დასჭირდა. ის ახლა მუშაობს, თუმცა დაზიანებული ბუნებრივი გარემოზე და ადგილობრივებზე მიყენებული ზიანი არავის უზღვია”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ჰესი მთლიანად შეცვლის გარემოს რეგიონში – შეცვლის რეგიონის კულტურას – ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, მეღვინეობას.
ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC), რომელმაც თურქულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება შეისწავლა, აცხადებს, რომ კომპანია “ენკა” საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე:
“ეს აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი,” – აღნიშნავს ორგანიზაცია.
ადგილობრივებს არც იმ არგუმენტის სჯერათ, რომ ხელისუფლება ჰესზე ადგილობრივებს დაასაქმებს:
“გვეუბნებიან, რომ ახალი ჰესი რომ აშენდება, ეს მოიტანს განვითარებას და შემოსავალს – ამბობს მარიტა მუსელიანი, რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველი, – ამ რეგიონში, სადაც უკვე არის ერთი ჰესი, მუნიციპალიტეტი რა შემოსავალს იღებს ამ არსებული ჰესიდან? მეწყერი მოვიდა, წაიღო გზა. მოსახლეობას არ ეხმარება ის, ვინც გზას უნდა უკეთებდეს ან მეწყრის პრევენციას ვინც უნდა ახდენდეს. სად არის იმ ჰესის მეპატრონე? დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებები იქცევიან როგორც კოლონიალური ადმინისტრაციები”.
პრობლემაა ადგილობრივი მოსახლეობის იგნორირება მოლაპარაკებათა პროცესში და ნდობა ხელისუფლების მიმართ.
საქართველოში ჰესების მშენებლობაზე ლიცენზიას სახელმწიფო გასცემს, მიწაც ძირითადად სახელმწიფოს საკუთრებაა და, შესაბამისად, ინვესტორიც მოლაპარაკებებს სწორედ სახელმწიფოსთან მართავს ისე, რომ მთელი ამ პროცესიდან ხშირ შემთხვევაში გათიშულია ადგილობრივი მოსახლეობა.
გარდა ამისა, მოსახლეობას არა აქვს ნდობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანად გაიცა ჰესების მშენებლობის ნებართვა – ეჭვები არსებობს ასევე კვალიფიციური დასკვნების არარსებობასთან დაკავშირებით.
“ენკაში” მითებს უწოდებენ ამ არგუმენტებს და აცხადებენ, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებისა და ICOLD (დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისია) რეგულაციების შესაბამისად.
კერძოდ კი, პროექტის თანახმად, იგეგმება გრავიტაციული ბეტონის კაშხლის მშენებლობას, რომელიც ყველაზე საიმედოდ ითვლება, აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ ნამახვანის ჰესი ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი პროექტია.
პოლიტიკა და ჰესები
ვინაიდან მოძრაობამ “რიონის ხეობის გადასარჩენად” საზოგადოების ფართო ფენების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რასაც ქუთაისში სპონტანურად მოწყობილი ორი საკმაოდ მასშტაბური აქციაც მოწმობს, ამ ეტაპზე ხელისუფლებამ გარკვეულწილად უკან დაიხია – მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია პროექტის ძირითადი ობიექტების – კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა. როგორც მთავრობის წევრები აღნიშნავენ, სამუშაოები მას შემდეგ განახლდება, რაც ავტორიტეტული ექსპერტები, მათ შორის პროექტის მოწინააღმდეგეები, კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ ჩატარებულ კვლევებს და პროექტის უსაფრთხოებაში დარწმუნდებიან.
დამკვირვებლები, რომლებიც ამ პროცესებს აკვირდებიან, რამდენი ტენდენციას გამოყოფენ.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს არის “ქვემოდან ზემოთ” პროტესტის იშვიათი მაგალითი საქართველოში – რიონის მცველებმა პოლიტიკოსების გარეშე მოახერხეს ორგანიზება და, მაგალითად, ქუთაისის აქციებზე გაცილებით უდრო ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მიტინგებზე.
ამავე დროს, ანალიტიკოსები სახიფათო ტენდენციებსაც აღნიშნავენ. პირველი ეს არის ანტითურქული ლოზუნგები, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს შორის ისმის.
ვინაიდან კომპანია, რომელიც აპირებს ააშენოს ჰესი, თურქულია, პროტესტის ზოგიერთი მონაწილე თურქეთის მისამართით უხეშ კომენტარებს აკეთებს.
Enka Renewables ქართველი დირექტორი მერაბ ლომინაძე, ასევე ამ კომპანიის თურქი მენეჯერი აღნიშნავენ, რომ კომპანიის თანამშრომლებიც მიმართ არაერთხელ ყოფილა ანტითურქული განწყობები.
საზოგადოებაში არსებულ ანტითურქულ განწყობებს პრობლემად მიიჩნევს თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი.
„პროექტის მსხვილი ინვესტორი თურქეთიდან და ნორვეგიიდანაა, თუმცა არავინ ახსენებს ნორვეგიას და საუბრობენ მხოლოდ თურქების შემოჭრასა და იმაზე, თუ რატომ ყიდიან მიწას თურქებზე… ვფიქრობ, ამ მხრივ ნამახვანის პროექტი საჩვენებელი მაგალითია… საქმე ეხება თურქეთის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და ამ იდეების პროვოცირებას ჩვენი ურთიერთობების საზიანოდ“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ამასთან, პროტესტის ლიდერებმა, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანმა არაერთხელ მოუწოდეს საკუთარ მხარდამჭერებს რომ თავი შეიკავონ ლოზუნგებისგან, რომლებიც ქსენოფობიურად შეიძლება შეფასდეს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც პროცესებზე დამკვირვებლები გამოყოფენ, ეს არის არა მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის, არამედ ზოგადად ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ განწყობების გაღვივება.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამო საქართველოში უამრავი ჰესის პროექტია შეჩერებული.
როგორც ის განმარტავს, მცირე ჰესებს ზუსტად იგივე პრობლემები აქვთ, რაც დიდ ჰესებს და მოსახლეობა მცირე ჰესების მშენებლობის შემთხვევაშიც ამბობს, რომ კაშხალი გასკდება და “წალეკავს ქვეყანას”.
“მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები რადიკალურად განსხვავდება დიდი ჰესებისგან. აქ კაშხალი არ შენდება, თუმცა პრობლემები არის იგივე, ეუბნებიან მოსახლეობას, თითქოს უნდა გაიჩეხოს ხეები, დაიტბოროს სოფლები. როცა ვცდილობთ მოსახლეობისთვის ახსნას, რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის, ყურადღებას არ აქცევენ, რადგან თემა – ჰესი – არის დემონიზებული”, – ამბობს მარგებაძე.
გარემოსდამცველები აღნიშნავენ, რომ თუკი საქართველოში ჰესების მიმართ უნდობლობა მაღალია, ამას ხელისუფლების არათანმიმდევრული და გაუმჭვირვალე პოლიტიკა ასაზრდოებს.