რატომ არ წყდება ომი? ექსპერტების კომენტარები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან
ყარაბაღში, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის სასტიკი ბრძოლები უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება. 18 ოქტომბრის შუაღამისას გაფორმებული მეორე ზავი, ისევე, როგორც მოსკოვის შუამავლობით გაფორმებული პირველი – 10 ოქტომბრის ზავი, მაშინვე დაირღვა – როგორც წინა შემთხვევაში.
ამაში მხარეებმა კვლავ ერთმანეთი დაადანაშაულეს.
JAMnews-მა ორი კითხვა დაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპერტებს:
• რატომ არ ხერხდება ზავის დაცვა?
• რა უნდა გაკეთდეს შემდეგ?
• რატომ მიმდინარეობს ომი და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან არიდება – ფაშინიანის პასუხები
• ყარაბაღი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ზავი ისევ არ შედგა
კომენტარები ბაქოდან
აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე, ელჩინ ამირბეკოვი:
„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ ჩაშალეს ზავი. მათ არტილერიითა და ნაღმტყორცნებით დაბომბეს აზერბაიჯანული პოზიციები ტერტერისა და ჯებრაილის რაიონების მიმართულებით (ყარაბაღის მოსაზღვრე რაიონები, რომელსაც 1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლება აკონტროლებს – JAMnews).
ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძიებით და აპირებს, მომავალშიც გააგრძელოს სამხედრო აგრესია. აზერბაიჯანი იტოვებს თავდაცვის კანონიერ უფლებას“.
აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი, ულვი გულიევი:
„რუსეთის ხელისუფლებისადმი ფაშინიანის არაერთგზის მიმართვის შემდეგ, 10 ოქტომბერს, მოსკოვში, ზავის შესახებ განაცხადეს. მაგრამ ერთი დღეც არ იყო გასული, როდესაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს აზერბაიჯანში, მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ქალაქ განჯას. დაიღუპა 13 ადამიანი, 30-ზე მეტი დაიჭრა.
18 ოქტომბერს, მეორე ზავის შესახებ განაცხადეს – მაგრამ სომხურმა ძალებმა უკვე დილის საათებში მოაწყვეს ჩვენი რაიონების მასობრივი საარტილერიო დაბომბვა.
ვინ და რა მიზანს მისდევს, ცდილობს რა, მორიგი ზავის მიღებას? მათ ამ გზით, ფაშინიანის ხელისუფლების გადარჩენა ხომ არ უნდათ სამარცხვინო მარცხისგან?“.
პოლიტიკური კომიტეტის წევრი, ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ აღმასრულებელი მდივანი, ნატიგ ჯაფარლი:
„სანამ ოკუპანტი არ წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარების გაყვანის გრაფიკს – არ შეიძლება ხანგრძლივი ზავი. ჩვენ, ყველას მშვიდობა გვინდა, ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება ომი უნდოდეს. მაგრამ მშვიდობას თავისი პირობები აქვს: სომხეთის შეიარაღებული ძალების საოკუპაციო ნაწილებმა უნდა დატოვონ აზერბაიჯანი“.
კომენტარები ერევნიდან
პოლიტიკური მიმომხილველი აიკ ხალატიანი:
„ზავმა არ იმუშავა იმიტომ, რომ მოსკოვში, 10 ოქტომბერს მიღწეულ შეთანხმებაში, ნათლად იყო დაფიქსირებული, რომ თურქეთი არ ითამაშებდა აქტიურ როლს მოლაპარაკებებში.
10 ოქტომბრის ზავი დაირღვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაქოში განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. 18 ოქტომბერს ისევ მისი ზარი იყო – და აზერბაიჯანმა კვლავ უარი განაცხადა ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბაქოსთვის ანკარის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსკოვის მოწოდებები.
საერთო ჯამში, ამ ომმა აჩვენა, რომ რუსეთს ფაქტობრივად აღარ დარჩა აზერბაიჯანზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები.
მხოლოდ სომხური ჯარის მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ შეიძლება ველოდოთ, რომ ბაქო ზავზე თანხმობას განაცხადებს. ან კონფლიქტში რუსეთის პირდაპირი ჩართვის მუქარის შემთხვევაში. მხოლოდ ამან შეიძლება შეაჩეროს აზერბაიჯანი და თურქეთი“.
პოლიტიკური მიმომხილველი ნაირა აირუმიანი:
„სინამდვილეში, პირველი ზავი მოსკოვის შუამავლობით გაფორმდა, მეორე – საფრანგეთის. ორივე მათგანი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ანკარიდან ბაქოში შესაბამისი ზარი განხორციელდა. ბაქოს რომ ზავის სურვილი არ ჰქონოდა, მაშინ ალიევი არ დათანხმდებოდა. ჯერ თანხმდება, შემდეგ კი არღვევს – ეჭვიც არ რჩება, რომ გადაწყვეტილებები ანკარაში მიიღება.
შესაძლოა, ეს იმისთვის კეთდება რომ პროცესში აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ჩართონ და, ალბათ, გარკვეულ ცუდად გათვლილ ნაბიჯებზე დაიყოლიონ.
ასე რომ, რუსეთისა და საფრანგეთის ზავის შესახებ ინიციატივის შემდეგ, ყველა ამერიკის შუამავლობას ელოდება.
ოქტომბრის ბოლოს დაანონსებულია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოგრაბ მნაცაკანიანის აშშ-ში ვიზიტი და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრა. პომპეოს განცხადება იმის შესახებ, რომ იმედი აქვს – სომხები შეძლებენ წინ აღუდგნენ იმას, რასაც მათ აზერბაიჯანელები უკეთებენ, იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესაბამისად მიიღებენ.
ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, ახლა არსებობდეს ომის შეჩერების ინტერესი“.