ახალი წელი სომხური აქცენტით
თავიდან დავიწყოთ
ვანაძორში გამართული დღესასწაულის ამბებს საკუთარი თავით დავიწყებ. ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის ნაძვის ხის მორთვით იწყება. თუმცა, წელს საკუთრს კი არა, ჩვენი ქალაქის, ვანაძორის დიდ ნაძვის ხეს ვრთავდი _ თითქმის 20 მეტრის სიმაღლეზე, ნაძვის წვერზე მოსართავის ვამაგრებდი. უკეთეს გასართობს ვერც ვინატრებდი!
ვიდრე ყველა წინასაახალწლო საყიდლებითა და სადილის მზადებით იყო გართული, მე ვანაძორის მოედანზე ვიყავი და საახალწლო ნაძვის ხის განათებაში ვიღებდი მონაწილეობას.
5, 4, 3, 2, 1… ჩემი ახალი წელიც დაიწყო!
გასტარბაიტერი თოვლის პაპა
ბოლო 12 წელია, ახალი წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა მკრტიჩისთვის. ეს ერთადერთი „მიზეზია“, რისთვისაც ის სომხეთში, საკუთარ ოჯახში, მეუღლესთან და შვილებთან ჩამოდის. მისმა შვილებმა უკვე საკუთარი ოჯახები შექმნეს და 55 წლის მკრტიჩი უკვე ბაბუაა. იგი უკვე თოვლის პაპის როლსაც ასრულებს, რადგან ცივი ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ჩამოდის და ყოველთვის აუარებელი საჩუქარი ჩამოაქვს.
‘ახალი წელი ჩემთვის საოჯახო დღესასწაულია. ამ დღეს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვატარებ. ყოველ წელს ჩამოვდივარ. ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი შვილები, პატარაობაში ვერც მცნობდნენ ხოლმე’,-_ ამბობს მკრტიჩი.
მისი მეუღლე, სილვა ამბობს, რომ საოჯახო საქმეები მთლიანად მის კისერზეა. ქალი ყოველ წელს ელოდება, რომ ქმარი დაბრუნდება და მამაკაცური საქმეების ტვირთს მაინც მოხსნის; მაგრამ ზამთრის ერთი თვე არ კმარა, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს.
ახალი წელი დროებით საცხოვრებელში
4 წლის არენი დაბადებიდან დროებით საცხოვრებელში ცხოვრობს. ვანაძორში დროებითი საცხოვრებლები 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. სწორედ მაშინ დამკვიდრდა ტერმინი „სტიქიური უბედურების ზონა“, რომელიც დღემდე გამოიყენება _ ბევრი დაზარალებული საცხოვრებელი ფართით დღემდე არ არის უზრუნველყოფილი. არენის სამყარო ხის კედლებიანი დროებითი საცხოვრებლით, მეზობელი სახლებითა და იმ ეზოთი შემოიფარგლება, რომელშიც მარტო თამაშობს.
არენთან ერთად პატარა სახლში მისი მშობლები, ბებია, პაპა და დეიდა ცხოვრობენ. არენის ბებია, 50 წლის ნელი სიმონიანი აღნიშნავს, რომ ახალი წელი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, და ამ დღეს მთელი ოჯახი ყოველთვის ერთად ხვდება. ‘1988 წლის მიწისძვრის დროს ბინას ვქირაობდით. სახლი დაინგრა და დღემდე დროებით საცხოვრებელში ვცხოვრობთ. საახალწლო სუფრაზე პირველ სადღეგრძელოს იმას ვსვამთ, რომ დამდეგ წელს მაინც გვქონდეს საკუთარი ბინა’.
ახალ წელს ეკლესიაში, ბროწეულით ხელში
უკვე მეორე წელია, რაც სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ახალი ტრადიცია დაამკვიდრა. ახალი წლის ღამით ბროწეულის კურთხევის ცერემონია ტარდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ახალმა ტრადიციამ უკვე მრავალი მიმდევარი გაიჩინა. შუაღამისას ბევრი ვანაძორელი ოჯახებთან, ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად წმინდა გრიგორ ნარეკაცის სახელობის ეკლესიაში მიდის და თან საკურთხებლად იმდენი ბროწეული მიაქვს, რამდენიც შეუძლია.
მღვდელი ვაან აზარიანი ამბობს, რომ გასულ წელს, როდესაც ეკლესიამ ამ დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყვიტა, მღვდელმსახურები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ მრევლი ამ ახალ წესს მიიღებდა. ‘რატომ არ უნდა აღვნიშოთ ეს ლამაზი დღესასწაული! ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს და საშუალებას გვაძლევს, რომ ახალ წელს მისი კურთხევით შევხვდეთ’.
24 წლის გორი მთელი 2015 წლის მანძილზე იტანჯებოდა დაავადებით, რომელზე ლაპარაკი არ სურს. ‘დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამოჯანმრთელება უფლის წყალობაა. მადლიერების ნიშნად, გადავწყვიტე, რომ ახალ წელს ეკლესიაში შევხვედროდი. ასეთია ჩემი არჩევანი. ცხოვრებაში პირველად ვხვდები ახალ წელს ეკლესიაში’,_ ამბობს გორი და ხელში ბროწეული უჭირავს.
ახალი წელი სომხეთიდან შორს
31 დეკემბერს სომხეთში მოსული თოვლი ზოგიერთისთვის ზღაპრულ საჩუქარს ნიშნავდა, მაგრამ ამ ემოციას ყველა ნამდვილად არ იზიარებდა. ბევრმა წინასწარ იზრუნა,რომ ახალი წელი ქარბუქისა და სიცივისგან შორს აღენიშნა. ანაითი და მისი და მზიან ეგვიპტეში გაემგზავრნენ. ‘დღესასწაულს ყოველთვის სახლში აღვნიშნავთ და ყველა სომხურ ტრადიციას ვიცავთ ხოლმე _ სტუმრად დავდივართ, აუცილებლად ვაწყობთ დიდებულ სუფრას… თუმცა, ამჯერად ჩვენი ცხოვრების გამრავალფეროვნება გადავწყვიტეთ’, _ ამბობს ანაითი.
მან შარშანაც საზღვარგარეთ, სახლიდან შორს აღნიშნა ახალი წელი. მაშინ ანაითი ჰოლანდიაში მუშაობდა და იძულებული იყო, დღესასწაულს ნიდერლანდებში შეხვედროდა. ამჯერად კი თავად გააკეთა არჩევანი და დასთან ერთად ეგვიპტეს ესტუმრა.
ანაითი ამბობს, რომ მშვენივრად დაისვენა და თან _ საკმაოდ იაფადაც ,მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი და ხუთვარსკლავიან სასტუმროში მოეწყვნენ.
ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისევე გაატარებო. ვნახოთ, როგორი იქნება 2016 წელი ჩემთვის და ჩემი გმირებისთვის.