ფაშინიანი „ანტიპანდემიური მოძრაობის“ შექმნის მოწოდებით გამოდის
4 ივნისის დილას, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ანტიპანდემიური მოძრაობის“ შექმნის მოწოდებით გამოვიდა.
ის სთავაზობს ყველას, რომ დაიცვან სანიტარიული ზომები, იმავეს გაკეთება სხვებისგანაც მოითხოვონ და დარღვევის ფაქტები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ.
მოწოდება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. უფრო მეტიც, მოსალოდნელია ინფექციის დიდი აფეთქება უკვე ამუშავებულ საწარმოებში.
თუმცა, ჯერჯერობით ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებასა და ბიზნესის მუშაობის გაჩერებას არ აპირებს.
4 ივნისს, სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში 11 221 ადამიანი დაინფიცირდა. 3 468 გამოჯანმრთელდა, მკურნალობას გადის – 7 509. გარდაიცვალა – 176 პაციენტი.
- სომხეთი: სამი ქალის ისტორია, რომლებიც საკუთარი ბიზნესის კორონავირუსისგან გადარჩენას ცდილობენ
- ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს პიკი არ არის. რა ხდება სომხეთში?
რაზე საუბრობდა პრემიერი
ფაშინიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უარესდება:
„დადგა ვითარება, როდესაც ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებს უკვე აღარ შეუძლიათ ახალი პაციენტების მიღება, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ… ჩვენ ზღვართან მივედით, როდესაც ჯანდაცვის სისტემა ძლივს უმკლავდება სიტუაციას…
აბსოლუტურად ყველა, ერთმანეთს, როგორც ვირუსის პოტენციურ მატარებელს, ისე უნდა მოეპყროს. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით: ქვეყანაში, სულ მცირე, 20 ათასი უსიმპტომო ავადმყოფია და იქნებ, უფრო მეტიც, რომლებმაც შესაძლოა ამის შესახებ არც იცოდნენ“.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მეთოდი არის თავად ხალხის პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი კონტროლი.
2 ივნისიდან, პრემიერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოსურათებს, რომლებზეც აღბეჭდილია ადამიანების მასობრივი თავყრილობა ბანკებთან, საფოსტო განყოფილებებსა და მაღაზიებთან. მას ამ სურათებს მოქალაქეები აწვდიან.
ფაშინიანი მოუწოდებს მოსახლეობას, განაგრძონ დარღვევის ამსახველი სურათების გაგზავნა, „რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ დარღვევების დამშვებ თანამდებობის პირებს“.
„გუშინ, ბანკებთან არსებული ვითარება, მაგალითად, მომენტალურად გადაიჭრა, რადგან აქ რეპუტაციული რისკი არსებობს და ეს მნიშვნელოვანია. ბანკებს არ სურთ რეპუტაცია რისკის ქვეშ დააყენონ, ამიტომ მაშინვე მოახდინეს რეაგირება“, – განაცხადა პრემიერმა.
მოსალოდნელია ინფექციის ახალი აფეთქება
ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი პერიოდულად აკეთებს ხოლმე პროგნოზებს მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. მისი ბოლო პროგნოზი 4 ივნისით თარიღდება:
სომხეთს კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ახალი დიდი აფეთქება ელოდება.
ის დაკავშირებული იქნება უკვე ამუშავებულ მსხვილ საწარმოებთან, სადაც უკვე გამოავლინეს ინფიცირებული თანამშრომლები.
რაც შეეხება ინფიცირებულთა მდგომარეობას: 391 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, 59 – უკიდურესად მძიმეში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული 15 პაციენტი.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანდაცვის სისტემა უკვე რთულად უმკლავდება საავადმყოფოებში ინფიცირებულთა განთავსებას. ამ დროისთვის, ინფიცირებულთა, დაახლოებით, 15-20%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, დანარჩენები რჩებიან სახლში – პოლიკლინიკების ექიმების კონტროლქვეშ.
„ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირების მაჩვენებლის სერიოზული ვარდნა დაფიქსირდეს, რათა მოვახერხოთ ჩვენი მიდგომის გაგრძელება – არავინ არ დავტოვოთ სამედიცინო დახმარების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი რთულად იქნება“, – აცხადებს ტოროსიანი.
ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ჯანდაცვის სისტემის კრიტიკა დაიწყო და მინისტრმა მათ უპასუხა:
„სისტემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა დაფინანსების პრობლემას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში გამოყოფილი ჰქონდა მხოლოდ მშპ-ის 1.4%, რომელიც არასაკმარისად განვითარებული იყო მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, დღეისათვის ისეთების თანასწორად წარმოჩინდა, რომლებიც ათჯერ მეტ დაფინანსებას იღებდნენ – საკუთარი საქმისთვის თავგადადებული სამედიცინო მუშაკების წყალობით. რისთვისაც, მე პირადად, დიდად მადლიერი ვარ“.
მოსაზრებები ვითარების შესახებ
კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ კომენტარი გააკეთა პოლიტიკურმა მიმომხილველმა აკოფ ბადალიანმა:
„კარანტინის პერიოდში, დარეგისტრირებული შემთხვევების ზრდის ტენდენცია გვქონდა. და მაშინ, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსთან დაკავშირებული ვითარება კონტროლიდან გამოვიდა.
დავიჯერო, ვინმემ მართლა იფიქრა, რომ თითქმის მთლიანად გახსნილი ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შემდეგ, ინფიცირების რაოდენობა შემცირდებოდა? სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, თუნდაც მხოლოდ ერთი შემთხვევა ყოფილიყო. მაგრამ, შეიძლება სტატისტიკის თვალსაზრისით ვთქვათ, რომ რაიმე მოულოდნელი ხდება?
უბრალოდ, ეს აპოკალიფსური ხმაური უნდა შევწყვიტოთ და დავიცვათ უსაფრთხოების წესები. ხელისუფლება კი უბრალოდ ინფიცირებულთა მზარდი რიცხვისთვის უნდა მომზადებულიყო“.
ჟურნალისტ ნუნე ახვერდიანს მიაჩნია, რომ კომენდატურამ დრო დაკარგა – იმ მხრივ, რომ ეპიდემიის დაწყებისთანავე არ დაანახა ადამიანებს ვირუსის რეალური საშიშროება. ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ მოსახლეობაში პანიკის გავრცელების შესაჩერებლად, ქვეყნის მედიას მხოლოდ ოფიციალური რიცხვები უნდა გამოექვეყნებინა და არა საკუთარი მასალები. და სომხეთში ბევრმა დაკარგა სიფხიზლე, ზოგიერთებს კი საერთოდ ჰგონიათ, რომ არანაირი ვირუსი არ არსებობს:
„მარტ-აპრილში, საავადმყოფოებიდან კადრების ნაკლებობის პირობებში, ჯანდაცვის სექტორში არსებული რეალური ვითარების შელამაზების მცდელობამ არაფერი კარგი არ მოიტანა. ჩვენ რომ გვენახა რიგები და ადამიანების ჯგუფები ინფექციურ საავადმყოფოებთან, მოგვესმინა დაღლილი და ინფიცირებული მედდებისთვის, პოლიკლინიკების ექიმებისთვის, რომლებსაც უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ, ფსიქოლოგიური რჩევების მიცემის გარდა… ადამიანები გაცილებით უფრო ფხიზლად იქნებოდნენ“.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ შექმნილ სიტუაციას. აი, ზოგიერთი კომენტარი:
„თქვენი ფლეშმობები ვეღარაფერს უშველიან. ასეთი ღონისძიებების ეფექტი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ ისეთი მცირე იქნება, რომ გათვალისწინებაც არ ეღირება. ინფიცირების 80% ოჯახის შიგნით ხდება. და ეს 20 ათასი ადამიანი სწორედ ახლა აავადებს თავისი ოჯახის წევრებს“.
„ახლავე საჭიროა მკაცრი კარანტინის გამოცხადება. მიეცით ხალხს ფული პროდუქტების საყიდლად და დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ კარანტინი. თქვენი უასფალტო ქუჩები ადამიანების სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაა, და ბიუჯეტიდან სახსრები საჭირო კალაპოტში უნდა მიმართოთ. თქვენ ახლა კოსმეტიკური რემონტით ხართ დაკავებული, მაშინ როცა ფუნდამენტში გაქვთ პრობლემები“.
„ქვეყნის მცხოვრებლები პირველივე დღიდან დაუდევრად ეკიდებოდნენ ყველაფერს, რაც ხდებოდა. ნეტავ, რა ენაზეა უნდა ელაპარაკო, რომ გასაგები იყოს? ხალხი მიჩვეული არაა და არ სურს კანონს დაემორჩილოს. შეეჩვივნენ ყველაფერზე თვალის დახუჭვას“.
„რა სამწუხაროა, რომ ადამიანებს არ სურთ თავიანთ სურვილებზე უარის თქმა თავიანთივე ჯანმრთელობისთვის. მე მე-12 კლასი დავამთავრე. ისევე როგორც ყველა სკოლადამთავრებულს, მეც მინდოდა ბოლო ზარის საზეიმოდ აღნიშვნა. ატესტატები თითო-თითოს დაგვირიგეს – ნიღბებსა და ხელთათმანებში, ცარიელ სკოლაში. იმათ გამო კი, ვინც მოთხოვნებს არ ემორჩილება, ჩვეულ ცხოვრებას ვერ ვუბრუნდებით“.
„მარტო ხალხი არაა დამნაშავე. მიიღეთ ზომები, რომ ყველა დაწესებულებამ დაამუშაოს ზონები დისტანციის დასაცავად! და ვინც მოთხოვნებს არ შეასრულებს, დაე, დიდი ჯარიმები გადაიხადოს!“