1 ივლისიდან პუტინი მარადიულად დარჩება რუსეთის ხელისუფლებაში
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების კენჭისყრის თარიღი დაასახელა – ის 1 ივლისს უნდა გაიმართოს. უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ამ მომენტიდან დაიწყება მისი ფაქტობრივად მარადიული დარჩენა ხელისუფლებაში.
სახელისუფლებო მედიის ვერსიით, რუსეთის სახელმწიფოებრიობისთვის მთავარი საფრთხეა ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ (დეტალურად ამის შესახებ ქვემოთ).
თუმცა, სულ უფრო და უფრო ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ პუტინისთვის რეალური საფრთხე – ავადმყოფობა და დაბალი რეიტინგია.
- შამანს, რომელიც პუტინის „განდევნას“ აპირებდა, რუსეთის სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა
- ინფიცირებული კოღოები და ამერიკული თვითმფრინავი – მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებას ითხოვს. რას პასუხობს თბილისი
- კორონავირუსის უცნაური სტატისტიკა რუსეთში: კარგი მედიცინა თუ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი?
რაში მდგომარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების აზრი
2020 წლის 1 ივლისს, კენჭისყრისას, რუსეთის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციაში მრავალრიცხოვან შესწორებებთან დაკავშირებით.
საუბარია, მაგალითად, ქვეყნის მთავარ კანონში, რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსის დადგენაზე – „სახელმწიფოს შემქმნელების ენა“.
კონსტიტუციაში ნახსენები იქნება ღმერთი – უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში პირველად.
ასევე, რუსეთში, ქორწინება ახლა განისაზღვრება, როგორც „მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი“
მაგრამ შესწორება, რომელიც რუსეთის შიგნით და გარეთ ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს, უკავშირდება ერთი ადამიანის რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადებს.
თუკი ცვლილებებს მიიღებენ, ვლადიმირ პუტინს 2036 წლამდე შეეძლება კანონიერად ხელისუფლების სათავეში დარჩენა.
კენჭისყრა ნებისმიერ ფასად
პროცედურა, რომლითაც რუსმა ამომრჩევლებმა შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება უნდა გამოხატონ, უპრეცედენტო ხასიათისაა:
• ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სახლში, ფოსტით და ონლაინ.
• საარჩევნო უბნები პირდაპირ ქუჩებში მოეწყობა.
• კენჭისყრის პროცედურა ერთ კვირას გაგრძელდება.
• აქტივობის ზღვარი დადგენილი არ არის – კენჭისყრა კანონიერად ჩაითვლება მონაწილეთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.
როგორ ხდება ცვლილებების მხარდასაჭერი აგიტაცია
ასევე, უპრეცედენტო შეიძლება ეწოდოს ვლადიმირ პუტინის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მხარდასაჭერად წარმოებულ სააგიტაციო კამპანიას.
პირველივე ვიდეომ, რომელიც რუსულ ეთერში გავრცელდა, მასშტაბური სკანდალის პროვოცირება გამოიწვია.
მასში, ორ გეის ბავშვთა სახლიდან პატარა ბიჭი აჰყავს და პირველ რიგში, მას ქალის კაბის ჩაცმას სთავაზობენ, კადრს მიღმა კი ისმის კითხვა: „ასეთი რუსეთი გინდა?“
სად ეჩქარება ასე ვლადიმირ პუტინს?
ახლანდელი საპრეზიდენტო ვადა ვლადიმირ პუტინს 2024 წელს ეწურება და მანამდე სამი წლით ადრე, მან მოულოდნელად საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგინა, რომელიც ფაქტობრივად მის მარადიულ მმართველობას უზრუნველყოფს.
სიტყვა „მოულოდნელი“ კიდევ საკმარისად არ გამოხატავს იმას, რაც მოხდა. ცვლილებების მიღების პროცესს, შესაძლოა, „ქარიშხალი“ ეწოდოს.
ისინი პუტინმა 2019 წლის 15 დეკემბერს წარმოადგინა და სულ რაღაც 2 კვირაში, მას მხარი დაუჭირა ყველა ინსტანციამ – რეგიონულმა და ფედერალურმა პარლამენტებმა, საკონსტიტუციო კომისიამ და საკონსტიტუციო სასამართლომ.
რომ არა კორონავირუსის პანდემია, საყოველთაო კენჭისყრა 2020 წლის 22 აპრილს უკვე გაიმართებოდა.
არავის არ აქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე – „სად ეჩქარება ასე ვლადიმირ პუტინს?“. ორი ძირითადი ვერსია არსებობს.
• პირველი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულად არის ავად და სასწრაფოდ უნდა მოუმზადოს საფუძველი საკუთარ მემკვიდრეს.
ვინც არ უნდა იყოს ის, ეს ადამიანი ისეთი პოპულარობით ვერ ისარგებლებს, როგორც პუტინი საკუთარი მმართველობის დასაწყისში. ამიტომ მას საკონსტიტუციო ბერკეტები დასჭირდება, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს.
• მეორე ვერსიის თანახმად, ასეთი ბერკეტები თავად პუტინს სჭირდება, რომელმაც საკუთარი რეალური (არა პროპაგანდისტული) რეიტინგი იცის – დაახლოებით, 25 პროცენტი.
ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ცოტა ხნის წინანდელი სკანდალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სააგენტო Bloomberg-ს შორის, რომელმაც პუტინის რეიტინგი გამოაქვეყნა – 27 პროცენტი. სამინისტრომ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. სააგენტო დაეყრდნო ოფიციალური რუსული სოციოლოგიური სამსახურის ВЦИОМ-ის მონაცემებს.