არჩევანის უფლების გარეშე: ისტორია, რომელიც ერთი წერილით დაიწყო
ჟურნალისტი ლია ხოჯოიანი უკვე რამდენიმე თვეა ქველმოქმედებით არის დაკავებული, რასაც არასოდეს გეგმავდა. ყველაფერი ეჩმიაძინში, ერთი ოჯახის იზოლაციის ისტორიით დაიწყო. ეს ქალაქი, სომხეთში, კორონავირუსის გავრცელების პირველი მსხვილი კერა გახდა. მისი მოსახლეობა იძულებული შეიქნა იზოლაციაში ყოფილიყო, ჯერ კიდევ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.
„ეჩმიაძინში, კარანტინის დაწესების პირველი დღიდან, რედაქციაში მოქალაქეების ზარებმა დაიწყო შემოსვლა, რომლებიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ჩემთვის იმპულსი გახდა ერთი ქალბატონის სასოწარკვეთილი წერილი, რომლის ქმარიც სხვა ქალაქში, ერთ-ერთ სასტუმროში მოათავსეს იზოლაციაში კორონავირუსზე ეჭვის გამო (მოგვიანებით, არ დაუდასტურდა).
ოჯახის სხვა წევრები – მისი მშობლები, მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი – სახლში იყვნენ იზოლირებულები. და მათ არ ჰქონდათ არაფერი – არც საჭმელი, არც მისი ყიდვის შესაძლებლობა.
მე უბრალოდ მეგობრებს მივმართე სოციალურ ქსელებში. მოვუყევი, რომ მინდოდა ამ ოჯახს დავხმარებოდი და მსურველებს შეეძლოთ შემომერთებოდნენ. ასევე, დახმარებისთვის მივმართე ორგანიზაცია „კეთილი დედა“ და მაშინვე მივიღე დადებითი პასუხი. მომცეს საკვების შეკვრები და არა მხოლოდ ამ ოჯახისთვის, კიდევ ორი ოჯახისთვის. ასე დაიწყო ეს საქველმოქმედო საქმიანობა“, – გვიყვება ლია.
იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ საღამოს, სამსახურის შემდეგ, ლიას საკუთარი მანქანით პროდუქტები მიაქვს იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ. ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტია მარტოხელა მოხუცები, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, ყველას დაეხმაროს:
„არის ოჯახები, რომლებიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ბავშვები შიმშილობენ. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მათ მისამართს ვთხოვდი და როდესაც ადამიანები საუბრისას ხვდებოდნენ, რომ მთავრობიდან არ ვიყავი, უარს ამბობდნენ ჩემს დახმარებაზე – რათა არ შევეწუხებინე. ეს უკვე მათი მხრიდან ჩემზე ზრუნვის გამოვლინება იყო“.
ლიას ეხმარება ყველა – მეგობრები, მეგობრების მეგობრები, უცნობი ადამიანები. მას აძლევენ საჭმელს ან ფულს და უკვე ყველა დარწმუნდა, რომ მათი დახმარება მიდის იმ ადამიანებამდე, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.
ჟურნალისტისთვის მისი ინიციატივის გარშემო ადამიანების გაერთიანება მოსალოდნელიც იყო და, ამავდროულად, მოულოდნელიც:
„ახლა ბევრ ადამიანს აქვს პრობლემები, ბევრმა დაკარგა სამსახური და თუ არ დაკარგა, მაინც არ არიან ხვალინდელ დღეში დარწმუნებულები. ამის მიუხედავად, უკვე თვეზე მეტია, ამ ხალხის დამსახურებით, დღეში, ორი-სამი ოჯახის დახმარებას ვახერხებ – უბრალოდ სასწაულია. ადამიანები მეხმიანებიან, მთავაზობენ დახმარებას, რითიც შეუძლიათ. ზოგი საჭმელს მთავაზობს, ზოგი ტანსაცმელს, ზოგი რემონტში დახმარების ინიციატივით გამოდის, ზოგიერთები კი ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვისთვის საჭირო ნივთებს მაძლევენ. ადამიანები ძალიან კეთილები არიან და ეს სიტუაცია – ამის მტკიცებულებაა“.
მეორე მხრივ, ლიასთვის ემოციურად რთული პერიოდი დაიწყო. თავის ზოგიერთ ახალ ნაცნობთან მას ცრემლების გარეშე საუბარი არ შეუძლია:
„მორიგ ჯერზე ვარიგებდი დახმარებას და გავიცანი 23 წლის ორსული გოგონა. ის ბავშვთა სახლში გაიზარდა, მარტო ცხოვრობს საშინელ პირობებში, ერთ ოთახს ქირაობს კერძო სახლში, ყოველგვარი კეთილმოწყობის გარეშე. მისი ოთახისკენ მიმავალი კიბე დამტვრეულია და ყოველთვის, როდესაც მასთან მივდიოდი, ვფიქრობდი, რამე არ დამართნოდა და დროზე ადრე არ გაეჩინა ბავშვი.
პროცესში გაირკვა, რომ საკვების არქონის გარდა, მას უფრო სერიოზული პრობლემებიც ჰქონდა: არ ჰქონდა პასპორტი, ორსულობის ექვსი თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ექიმთან და არ იყო დამდგარი პოლიკლინიკაში აღრიცხვაზე. კარანტინამდე დამლაგებლად მუშაობდა, მაგრამ ახლა გასაგები მიზეზების გამო, უკვე აღარ მუშაობს და კარანტინის შემდეგაც ვერ შეძლებს.
ეს ისტორია ბევრს შეეხო. საჭმლის გარდა, ადამიანებმა მომცეს ტანსაცმელი გოგონასთვის და მომავალი ბავშვისთვის, ბავშვის ლოგინი, სათამაშოები, ჰიგიენის ნივთები. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კიბის გარემონტების ინიციატივით გამოვიდნენ, მაგრამ იმ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სადაც ის ბინას ქირაობს, თავად დაკავდა ამ საკითხით და პასპორტის მიღებაშიც დაეხმარა.
დღეს, ჩვენი ორსული უკვე ექიმთან დგას აღრიცხვაზე, 14 მაისს პასპორტს მიიღებს, ივლისში კი ბავშვს გააჩენს. რაც ყველაზე მთავარია, ამდენი განსაცდელის შემდეგ, რომელიც ბავშვთა სახლის აღსაზრდელმა გამოიარა, ჩემს კითხვაზე, აპირებს თუ არა თავად აღზარდოს ბავშვი, დადებითი პასუხი გამცა. შემდეგ კი გამომიგზავნა აკვნის სურათი, რომელიც უკვე შეღება ბავშვის მოლოდინში“.
ლია აღიარებს, რომ ამ დროის განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაშიც. მან გადაწყვიტა, რომ არ სურს მარტოობაში დაბერება.
„ადრე ამ საკითხს ზედაპირულად ვუყურებდი, მაგრამ ახლა აშკარად ვიგრძენი, რომ არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ცხოვრების ბოლოს მარტო დარჩენა“.
ყოველ საღამოს, ჟურნალისტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე იმ დღეს ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც დაეხმარა.