სავალდებულო დახმარება არმიას
სომხეთის თავდაცვის მინისტრი, ვიგენ სარგსიანი სამშობლოს დაცვის დროს დაჭრილი მოსამსახურეებისა და დაღუპული სამხედრო პირების ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების მკვეთრად გაზრდის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ სერჟ სარგსიანს ვიგენ სარგსიანმა მოახსენა და აღნიშნა, რომ შემუშავებულია აუცილებელი თანხების შეგროვების მექანიზმი, რომელიც, სავარაუდოდ, 2017 წლის 28 იანვარს ამოქმედდება. ანუ იმ დღიდან, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის არმია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მექანიზმი კი ასეთია – შეიქმნება არასაბიუჯეტო ფონდი, რომელშიც სომხეთის ყველა მომუშავე მოქალაქე ყოველთვიურად 1000 დრამს (2 დოლარზე ოდნავ მეტი) შეიტანს. ფონდი კერძო გადარიცხვებითა და შემოწირულობებით (სავარაუდოდ, უფრო დიდი თანხებით) შეივსება.
მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა ოჯახებსა და იმ სამხედრო პირებს, რომლებიც პირველი ჯგუფის ინვალიდებად იქცნენ, ამ გზით საშუალება ეძლევათ, ერთჯერადი სადაზღვევო ანაზღაურება მიიღონ 10 მილიონი დრამის (დაახლოებით 21 ათასი დოლარის) ოდენობით. მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის საკომპენსაციო თანხა კი 5 მილიონი დრამით განისაზღვრება.
ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ჩართულობის იდეას, რომელმაც 2016 წლის ყარაბაღ-აზერბაიჯანის ომის დროს ეფექტიანად იმუშავა, ამიერიდან ახალი გადასახადის სტატუსი ექნება.
სერჟ სარგსიანმა კანონპროექტი მოიწონა: “ჩემი აზრით, დიახ, დადგა ის პერიოდი, როდესაც ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, შეგვწევს ძალა, მკვეთრად გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა.”
სინამდვილეში არსებული მდგომარეობა ძალიან ფაქიზ ფსიქოლოგიურ თამაშს წააგავს. ყველა მოქალაქეს თბილი დამოკიდებულება აქვს სამშობლოს დამცველი ახალგაზრდების მიმართ. სომხები არმიას ადრეც ეხმარებოდნენ და ახლაც ეხმარებიან. ისინი ამას გულის კარნახით, ნებაყოფლობით აკეთებენ, რადგან საზღვარზე მდგარი ახალგაზრდები, რომლებიც მსახურებისას სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, ხელისუფლებაში მყოფ დისკრედიტირებულ ჩინოვნიკებთან არაფრით არიან დაკავშირებულნი.
ხალხი არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ფინანსური დახმარება რეგულარული და სავალდებულოც კი გახდეს. პრობლემები თანხების აკუმულაციის გამჭვირვალობასა და გადასახადების (ყველა ტიპის გადასახადის) სწორად გამოყენებას უკავშირდება. სახელმწიფო ორგანოებს მოქალაქეთა ემოციებისა და გულკეთილობის იმედი აქვთ – არადა, სომხეთში ვერაფრით გვარდება სერიოზული კლასობრივი წინააღმდეგობები.
ჩიხური მდგომარეობა სწორედ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩინოვნიკებისა და მეწარემეების გამდიდრებამ შექმნა. საზოგადოება მზადაა, დაეხმაროს არმიას, მაგრამ ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურებს შუამავლად ვერ აღიქვამს.
თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარგსიანმა, რომელსაც სამხედრო წარსული არ აქვს, “ნაცია-არმიის” იდეა წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, არმია არამხოლოდ “საზოგადოების სარკე”, არამედ “ერთგვარი სამჭედლოც” უნდა იყოს.
კონცეფციის ავტორის ვარაუდით, ამ გზით არმია სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის კავშირს განამტკიცებს და სამაგალითო მოდელად იქცევა. საბოლოო ჯამში, ვიგენ სარგსიანი მშვენივრად აცნობიერებს, რომ მიმართვა “მოქალაქე” გაცილებით უფრო თანამედროვეა, ვიდრე ცნება “ნაცია”. სიტყვა “ნაციის” შერჩევით იგი ცდილობს, სახელმწიფოს იდეის ხაზგასმის აუცილებლობას გვერდი აურიოს და ისტორიულად და ინსტინქტურად გაცილებით უკეთესად აღქმადი ლექსიკონი შეინარჩუნოს.
ჩნდება შეკითხვა – რა როლი ეკისრება სახელმწიფოს ამ პროცესში, თუკი არმია და ნაცია ერთიანია?
სახელმწიფო ირწმუნება, რომ ფონდში იმუშავებს საბჭო და ეს ორგანო “ისეთი ადამიანებით დაკომპლექტდება, რომლებიც საზოგადოების ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ. საბჭო ამ აბსოლუტურად გამჭვირვალე, საჯარო პროცესს გააკონტროლებს.”
ფაქტობრივად, სახელმწიფო სიტუაციის კონტროლის ფუნქციას იღებს. ანუ გააკონტროლებს იმ ადამიანების დანიშვნას, “რომლებიც საზოგადოების ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ”. დანიშნავს, და შემდეგ გააკონტროლებს.
ახალი ფონდის შექმნის ფაქტი სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვნად აღიქვეს. გთავაზობთ “ფეისბუკის” ზოგიერთი მომხმარებლის კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
“ბატონებო, ჩვენ უკვე ვიხდით საკმარისი ოდენობის გადასახადს. ასე რომ, კეთილი ინებეთ და ისედაც მაღალი გადასახადებით ფორმირებული სახელმწიფო სახსრები მიზანმიმართულად და ეფექტიანად ხარჯეთ – არმიასა სამხედრო პირებს მოახმარეთ, და არა საკუთარ მდიდრულ მივლინებებს, მანქანებს, ავეჯსა და კაბინეტის ფარდებს”.
“ეს ფონდი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ უნდა შეგვექმნა. თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შვილებს ჯარში ხომ იმისთვის ვუშვებთ, რომ ჩვენ და ჩვენი სამშობლო დაგვიცვან. შეგვიძლია და ვალდებულებიც ვართ, საჭირო მომენტში დავეხმაროთ მათ”.
“მსგავსი სტრუქტურის არსებობის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები პრობლემებს აწყდებიან და ელოდებიან, თუ როდის გაუწვდის ესა თუ ის ქველმოქმედი დახმარების ხელს. სწორი იქნება ისიც, თუკი ქველმოქმედები – ის ადამიანები, რომლებიც შედარებით დიდ შემოსავლებს იღებენ – უფრო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საერთო საქმეში. ადამიანები, რომლებიც მინიმალური ხელფასს იღებენ, არაფერს რიცხავენ ამ ფონდში. დაე, უფრო დიდი თანხები მათ ნაცვლად ოლიგარქებმა გადაიხადონ”.
“ხელისუფლებამ დაინახა ის, რასაც ხალხი საკუთარი ნებით აკეთებდა და გვითხრა – კარგად გამოგდით, ამის შემდეგ სავალდებულო იქნება ის, რასაც თქვენი ნებით აკეთებდითო. ნურავინ იტყვის, რომ თვეში 1000 დრამი დიდი თანხა არ არის და არ უნდა გვენანებოდეს. ამის გარეშეც უამრავ გადასახადს ვიხდი. აჯობებს, სახელმწიფომ ეფექტიანად გამოიყენოს ის, რაც ბიუჯეტში შედის.”
როგორც წესი, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენონ ტერმინი “სომხეთის რესპუბლიკა”, ამბობენ სიტყვას “სამშობლო”. ისინი გაურბიან განსაზღვრებას “მოქალაქე” და მის ნაცვლად იყენებენ სიტყვას “სომხები” – არადა, მოქალაქეს ბევრად უფრო მაღალი სამართლებრივი სტატუსი აქვს, ვიდრე უბრალოდ ნაციის წარმომადგენელს.
სამშობლო და ნაცია, შესაძლოა, ერთმანეთის სარკე, ან სამჭედლო იყოს, იმიტომ, რომ ეს აბსტრაქტული და ემოციური ცნებებია (ისევე როგორც მეტაფორებად გამოყენებული “სარკე” და “სამჭედლო”), “სომხეთის რესპუბლიკა” და “სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე” კი სრულიად განსხვავებული, სავსებით კონკრეტული კატეგორიებია, რომლებსაც კონსტიტუციაში შესაბამისი მოვალეობები და უფლებები უკავშირდება.
და სასურველია, გვახსოვდეს ეს გარემოება – მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები აბსტრაქტული “სამჭედლოების” შექმნით საკუთარი ფუნქციების შეზღუდვას ცდილობენ.
გამოქვეყნდა: 12.11.2016