საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა კონკრეტული გეგმა, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების პირობებში საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი უნდა შეამსუბუქოს.
ძირითადი აქცენტი ტურიზმის სექტორზეა, რადგან ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ სწორედ ეს სფეროა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ამ შეღავათების სანაცვლოდ სახელმწიფო ბიზნესისგან ელის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ის მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეინარჩუნონ თანამშრომლები სამსახურში.
JAMnews-მა შვიდი პუნქტი დაითვალა პრემიერის გამოსვლიდან:
1 . ყველა კომპანიას, რომელსაც ობიექტურად ექნება ამის საჭიროება, უახლოესი სამი თვის განმავლობაში ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციით დაეხმარებიან. ამ გზით ტურიზმის სექტორში 100 მლნ ლარი დარჩება.
2 . ფიზიკური პირები – აუცილებლობის შემთხვევაში, სამი თვის განმვლობაში გათავისუფლდებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებებისგან.
3 . მთავრობა ამ ეტაპზე – ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიები, 4 თვით, 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადს. შეღავათები შეეხება 18 000 კომპანიას და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ამ გზით 4 თვის განმავლობაში ( მარტიდან ივნისის ჩათვლით) ამ სექტორში დაახლოებით 100 მლ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი დარჩება. (4 თვით გადავადება ნიშნავს იმას, რომ კომპანიები უკვე ივნისის ჩათვლით არ გადაიხდიან საშემოსავლოს. ივლისში უკვე უნდა გადაიხადონ. ხოლო დაგროვილი დავალიანება 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაფარონ)
4 .დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი. “ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდება 1 მილიარდ 200 მილიონი ფინანსურ რესურსი დღგ-ს საშუალებით,” – ამბობს პრემიერი.
5. სასესხო მომსახურების კომპონენტის დაფინანსება. 4-დან 50-მდე ნომრიან 2000 სასტუმროს 6 თვის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაუფინანსებს.
6. სახელმწიფო კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურაში წლის ბოლომდე 300 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს.
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა
• საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
საბანკო შეღავათები
საბანკო სექტორმა ხელისუფლებასთან კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა. 12 მარტს ბანკების წარმომადგენლები პრემიერს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
რამდენიმე ყველაზე მსხვილმა ქართულმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“, „თი-ბი-სიმ“, “ლიბერთი ბანკმა” მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე შეღავათები დაუწესა.
„საქართველოს ბანკი“ ფიზიკურ პირებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. როგორც ბანკში აცხადებენ, დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.
იგივე წინადადებით გამოდის „თი-ბი-სიც“. ასევე “თი-ბი-სის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ბანკი ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სფეროს შეექმნა და მზად არის, ინდივიდუალურად განიხილოს შეღავათები იმ მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი შეეხო.
შეღავათებს სთავაზობს საკუთარ კლიენტებს “ლიბერთი ბანკიც”.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ფონდმა “ქართუმ” ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ ფინანსურად დაეხმაროს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში და შეავსოს ის ფინანსური დანაკლისები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ.
ტურიზმი – ყველაზე დაზარალებული სექტორი
კორონავირუსთან დაკავშირებული ზარალი საქართველოში პირველ რიგში ტურისტულმა ბიზნესმა და ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულმა კომპანიებმა იგრძნეს.
ასევე გაუფასურდება დაიწყო ლარმა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 20 პუნქტით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9494 ლარი გახდა.
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილ ამბობს, რომ თბილისის მასშტაბით უკვე დაიხურა 10 სასტუმრო, 100 კი – სახელმწიფოს და ბანკების გადაწყვეტილების მოლოდინშია. ს
„სახელმწიფოსა და ბანკებზეა დამოკიდებული, გავალთ ბანკროტზე – ვეღარ გადავიხდით სესხს და გადასახადებს თუ გავაგრძელებთ მუშაობას“, – ამბობს ალავერდაშვილი.
ერთ-ერთი სასტუმრო, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა მუშაობა, HOLIDAY INN-ია. ამ სასტუმროს რამდენიმე სართული დაიკეტა.
„ ამჟამად დატვირთულია სასტუმროს 20 პროცენტი. ხარჯის თვალსაზრისით მაქსიმალურად ეკონომიაზე გადავედით,“ – ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია.
სასტუმროებთან ერთად დაზარალდნენ ტუროპერატორებიც.
ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ია თაბაგარი აცხადებს, რომ ტურისტული სექტორისთვის წლის პირველი ნახევარი ნახევარი ძალიან რთული იქნება – მაისის ჩათვლით ტურისტულ კომპანიებში ჯავშნები გაუქმებულია. დაზარალდნენ როგორც ქვეყნის გარეთ ტურებზე მომუშავე კომპანიები, ისე შიდა ტურებზე მომუშავეებიც.
“არსებობს ზარალი როგორც პირდაპირი, ისე ირიბი. მხოლოდ ტურისტულ კომპანიაზე არ არის ლაპარაკი, აქ არიან გიდები, მძღოლები, სატრანსპორტო კომპანიები და უამრავი ობიექტი, რომელიც ფინანსურად დამოკიდებულია ტურებზე“, – აცხადებს ია თაბაგარი.
მძიმე დღეები უდგათ რესტორნებს და კაფეებსაც, რადგან ხალხი ერიდება დახურულ სივრცეებში თავყრილობებს, ასევე აუქმებენ დაბადების დღეების, ქორწილების და ა.შ. აღმნიშვნელ წვეულებებს.
დაიხურა ასევე თბილისის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ღამის კლუბები: “მტკვარზე”, “ხიდი” და “ბასიანი.”
“კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება. ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია,“ – წერია განცხადებაში, რომელსაც კლუბები ერთობლივად ავრცელებენ.